საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში საავტომობილო გადაზიდვები დომინირებს. საავტომობილო გზით 11.457 მლრდ დოლარის საქონლის ტრანსპორტირება მოხდა, რაც საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53%-ია.
6.955 მლრდ დოლარის პროდუქცია საზღვაო გზით გადაიზიდა, 1.334 მილიარდის ღირებულების საქონელი რკინიგზამ გადაზიდა, ხოლო 1,252 მლრდ დოლარის ტვირთს საჰაერო ტრანსპორტი მოემსახურა.
რაც შეეხება უშუალოდ ექსპორტს, $6.09 მილიარდიანი ექსპორტიდან $4.3 მილიარდის ღირებულების საექსპორტო პროდუქცია ასევე საავტომობილო გზით გადაიზიდა. $1.226 მილიარდის საქონელს საზღვაო ტრანსპორტი მოემსახურა, რკინიგზით კი, მხოლოდ საექსპორტო ბაზრებზე 202 მლნ დოლარის პროდუქციის მიწოდება მოხდა.
იმპორტის უდიდესი წილიც საავტომობილო გადაზიდვებზე მოდის, რაც გასაკვირი არ არის იმპორტის გეოგრაფიიდან გამომდინარე. ავტომობილებით 7.15 მლრდ დოლარის საიმპორტო პროდუქცია შემოვიდა საქართველოში, საზღვაო ტრანსპორტით 5.7 მლრდ დოლარის პროდუქცია, ხოლო რკინიგზით 1.132 მლრდ დოლარის ღირებულების ტვირთი მიიღო ქვეყანამ. იმპორტში 991.8 მლნ დოლარის პროდუქციას საჰაერო ტრანსპორტი მოემსახურა.