მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ლარში ნომინირებული ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

5f7b4efbec805
სალომე მეცხვარიშვილი
05.10.20 23:00
1272
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ლარში ნომინირებული ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს - ინფორმაცია bm.ge-ს სახელმწიფო კომპანიაში დაუდასტურეს.

შესაბამისი მომსახურების მისაღებად კი ელექტროსისტემას საკონსულტაციო დახმარება სჭირდება, რისთვისაც ინტერესთა გამოხატვა აქვს გამოცხადებული. სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო კომპანიას საკრედიტო რეიტინგის მოპოვება და ობლიგაციების გამოშვება სურს. ხელშეკრულება მოიცავს:

- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური ანალიზისა და პროგნოზების მომზადებას;

- ფინანსური სტრატეგიის მომზადებასა და შესწავლას, რა გავლენა ექნება კომერციული დაფინანსების მოპოვებას ელექტროსისტემის ტარიფზე;

- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მომზადებას საკრედიტო რეიტინგის მისაღებად, რასაც მოყვება პირველი საერთაშორისო ბონდის გამოშვება.

როგორც bm.ge-ს სახელმწიფო კომპანიაში განუცხადეს, ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას.

“სსე გეგმავს ფინანსური და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას, რომლის მიზანია სსე-თვის კაპიტალის ბაზრებდან წვდომის და კომერციული დაფინანსების მოპოვება. საშუალოვადიან პერიოდში, სსე განიხილავს ლარში ნომინირებული ობლიგაციების, კომერციული პირობებით, გამოშვების შესაძლებლობას. ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას. ლარში ნომინირებული ობლიგაციების განთავსება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკაზე. აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ bm.ge-ს მიაწოდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომელიც ოფიციალურად 2023 წლამდე რეაბილიტაციის რეჟიმშია, 2019 წელი 30 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.