მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს შემდეგ მაღაზიას დსთ-ის და ევროპის ქვეყნებში გავხსნით“ – Crosty

60b870245d946
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.21 22:20
2312
საქართველოს შემდეგ Crosty კონცეპტუალური მაღაზიების გახსნას დსთ-ის და ევროპის ქვეყნებში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

პანდემიის დროს კომპანიის შეცვლილი სტრატეგიის შედეგად Crosty-ს პირველი მაღაზია თბილისში გაიხსნა და გიორგი მიქაია აღნიშნავს, რომ Crosty-ს მაღაზიები გამოცდილებისა და ხარისხის გადმოცემის წერტილი უნდა იყოს და ეს არ იქნება უბრალოდ გაყიდვის ობიექტები.

„განახლებული სტრატეგიით აქცენტი რეგიონზე გადმოვიტანეთ და ვფიქრობთ, აქ მოძლიერდეს კომპანია. შემდეგ კი სხვა ბაზრებს შევუტიოთ. ეს გეგმა 2-3 წელზეა გაწერილი.

საქართველოში ერთი მაღაზია იქნება, წლის ბოლოსთვის კი ერთი მაღაზია იმ ქვეყანაში გაიხსნება, სადაც საქართველოს იცნობენ. ეს შეიძლება იყოს დსთ-ის ქვეყნა და შემდეგ ევროპაზეც ვიფიქრებთ“, - ამბობს კომპანიის კრეატიული დირექტორი და არ აკონკრეტებს რომელ ქვეყანაში გაიხსნება Crosty-ს მაღაზია საქართველოს შემდეგ.

ის ქართული ბრენდის ღირებულებებს უსვამს ხაზს და აცხადებს, კონცეპტუალური მაღაზიების გახსნის მიუხედავად Crosty-სთვის ელექტრონული კომერცია, ისევე როგორც აქამდე პრიორიტეტული იქნება.

„Crosty-ს უპირატესობა კონცეფცია და ბრენდის ღირებულებაა, რაც მას სხვა ბრენდებისგან განასხვავებს. საკმაოდ მაღალხარისხიანი პროდუქტი გვაქვს, რომელიც ღირებულებებზე და ამბის მოყოლაზეა დაფუძნებული. ამიტომ ხარისხზე დიდ აქცენტს არ ვაკეთებთ. ვფიქრობთ, რომ როდესაც ამ საფასო სეგმენტში შედიხარ, აპრიორი კარგი ხარისხი უნდა იყოს“, - ამბობს გიორგი მიქაია.


Crosty-ს დამფუძნებლებმა განსხვავებული კონცეფციის მაღაზიაში დასაქმებული ადამიანების ცოდნასა და გამოცდილებაზეც იზრუნეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისში 70 000 ევროს ინვესტიციით შექმნილ მაღაზიაში 9 ადამიანი დასაქმდა.

„პირველი მაღაზიის გახსნა ჩვენთვის გამოწვევა იყო. თანამშრომელთა გადამზადების გეგმის შემუშავებაზე დიდი დრო დაგვჭირდა. დღეს პროგრამა უკვე მზადაა და ამ პროგრამით სხვა ქვეყნებშიც კადრებს თავისუფლად გადავამზადებთ“, - აღნიშნა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ქართული ბრენდის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, სპორტული ფეხსაცმლის ქართული ბრენდი CROSTY 2015 წელს ქართველმა ძმებმა, გიორგი და შოთა მიქაიებმა დააფუძნეს. ის ქართულ ტრადიციებს თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს, საუბრობს შემოქმედებაზე, პროგრესსა და თავისუფლებაზე. ბრენდი NBA-ის ვარსკვლავებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და წლების განმავლობაში მსოფლიო პრესის ყურადღებასაც იქცევს. CROSTY-ს სპორტული ფეხსაცმელი მაღალ სეგმენტზეა გათვლილი და მისი ახალი მოდელების ღირებულება 550-დან 800 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები