დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველომ 2008 წლის ომისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნების პირდაპირი მოწოდება არ არის.
"დადებითად ვაფასებ ივანიშვილის განცხადებას, მის სურვილს, ბოდიში მოუხადოს ოსებს. 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ოსებსა და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა, სააკაშვილის კრიმინალურ ქმედებებზე ხაზგასმის სურვილი, ეს ისტორიული ჭეშმარიტების დაბრუნებაა. ივანიშვილის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნების პირდაპირი მოწოდება არ არის. არ შეიძლება, მას არ ესმოდეს, რომ ამ მატარებელმა ჩაიარა. არც კონფედერაციის, არც ფედერაციის, არც ავტონომიის იდეას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა არ იზიარებს. რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მოითხოვოს აფხაზებისა და ოსების, თუნდაც გარკვეული გეოპოლიტიკური სარგებლის გამო, საქართველოსთან დაბრუნება", - განაცხადა ზატულინმა.
რუსეთის დუმის დეპუტატს წარმოუდგენია, რომ რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფო "საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის" ხარჯზე ფართოვდება.
"სხვა საქმეა, რომ კონსულტაციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის თაობაზე უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. თუ თავდაპირველად ამ იდეას ბელარუსი არ იზიარებდა, 2020 წლის შემდეგ ახალი სიტუაცია შეიქმნა და იდეა რეალობასთან უფრო ახლოსაა. მინდა მივმართო ჩვენი ქართველი კოლეგების ყურადღება იმაზე, რომ ისინი, შესაძლოა, აფხაზებსა და ოსებს შეხვდნენ, როგორც საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში. თუ წარმოიდგენთ პროექტს, რომელშიც საკავშირო სახელმწიფო გაფართოვდება და მოიცავს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს", - თქვა მან.