მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს შეუძლია ამაყად წარმოაჩინოს თავი, როგორც  გამარტივებული ვაჭრობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კატალიზატორმა"

ეკონომიკის სამინისტრო

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო კავშირი ევროკავშირთან და ჩინეთთან. ხაზგასასმელია, რომ საქართველო-ჩინეთის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არამხოლოდ აძლიერებს სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს ორ ქვეყანას შორის, არამედ აქვს უფრო ფართო რეგიონალური სარგებელი“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პეკინში, სესიაზე „მაღალი დონის სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეგიონში სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას.

მინისტრის შეფასებით, რეგიონის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასა და მისი უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებში.

„მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების გათვალისწინებით, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მეტ მიმზიდველობას იძენს, როგორც ერთ-ერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა. ამ დერეფანს შეუძლია ისეთი ხელშესახები უპირატესობების შეთავაზება, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტირების მარშრუტთან შედარებით მოკლე დრო და უფრო ფართო წვდომა სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში, რომელიც, მინისტრის შეფასებით, იქცა ორი ქვეყნის პარტნიორობის ახალი ეპოქის ამოსავალ წერტილად. ვიზიტის შედეგად მიღებული იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რომელიც აყალიბებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მომავალი წლებისთვის.

„საქართველოს, რომელიც ატარებს ლიბერალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკას და აქვს გამარტივებული საბაჟო პროცედურები, შეუძლია ამაყად წარმოაჩინოს თავი, როგორც გამარტივებული ვაჭრობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კატალიზატორმა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადად უმოკლეს მარშრუტს შორეული აზიიდან ევროპის მიმართულებით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები