მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს შეუძლია, გახდეს რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი - FedEx

ლოგისტიკა

ლოგისტიკური კომპანიის FedEx-ის მმართველი პარტნიორი, ნინო მენთეშაშვილი, აცხადებს, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იყოს რეგიონში ადგილი, სადაც მაღალტექნოლოგიური შენახვისა და დასაწყობების ინფრასტრუქტურა იქნება უზრუნველყოფილი, რაც როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლეთიდან მომავალ ტვირთებს მოემსახურება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში ისაუბრა.

მენთეშაშვილი ხაზს უსვამს საქართველოს მდებარეობისა და საბაჟო სისტემის უპირატესობას. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული საბაჟო სისტემა ძალიან სწრაფი და ეფექტიანია. ამასთან, შესაძლებელია ტვირთის ერთი ღამით განთავსდეს ქვეყანაში და ერთი რამის განმავლობაში ორ ქვეყანას მიეწოდოს.
“შეგვიძლია ტვირთი ერთი ღამით განვათავსოთ (დასაწყობდეს) და ამავე პერიოდში რეგიონის ორივე ქვეყანას მივაწოდოთ. ასევე, შეგვიძლია რეგიონის ჰაბად ვიქცეთ აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისთვის, სადაც მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ეს საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანამ და ადგილობრივმა ბიზნესმა შემოსავალი მიიღოს“.

მენთეშაშვილის შეფასებით, თანამედროვე შენახვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში ჯერაც ნაკლებია : "რაც გვიჭირს ინფრასტრუქტურაა - თანამედროვე ტექნოლოგიები. ინფრასტრუქტურა ბევრი გვაქვს, მაგრამ გვაკლია თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები, რომელიც ამ ინფრასტრუქტურაში იქნება დანერგილი და სწრაფად და ეფექტიანად მოემსახურება ამ ტვირთებს.

მგონია, რომ საქართველოს ომის გარეშეც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი გახდეს ადგილი, სადაც იქნება მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება როგორც ევროპას მშვიდობიან დროს, ასევე აზიიდან ევროპისკენ მომავალი ტვირთებს. ეს ძალიან კარგი სამომავლო პერსპექტივაა ქვეყნისთვის, თუ ხელმისაწვდომი ფინანსები იქნება“, - განაცხადა მან.

მენთეშაშვილი განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი გავლენას ახდენს ლოგისტიკურ ბაზარზე, რადგან მიწოდების ჯაჭვი მთელ მსოფლიოშია დაკავშირებული: „ყველა ქვეყანა რაღაც პროდუქტს საიდანღაც ყიდულობს და სადღაც გზავნის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების ჯაჭვი იყოს მდგრადი. ყოველთვის ვეძებთ ალტერნატიულ ბაზრებს მიწოდების სტაბილიზაციისთვის. მაგალითად, ჩრდილოეთ დერეფანი მაღალი გამტარიანობისაა, მაგრამ ასევე ვსაუბრობთ შუა დერეფნის საჭიროებაზეც“.

მისივე თქმით, შუა დერეფნის განვითარება ინვესტიციებს მოითხოვს: „ვთქვათ, ინფრასტრუქტურა არსებობს, მაგრამ ლოგისტიკის განვითარება მუდმივ გადაიარაღებას და ინვესტირებას საჭიროებს. ნებისმიერი სფერო, რომელიც ვითარდება, ლოგისტიკაზე დგას. მაგალითად, უდიდესი ლოგისტიკურ გამოფენაზე ვიყავი, და მიუხედავად ჩემი 30-წლიანი გამოცდილებისა, მაინც მთვარეზე მეგონა თავი, ისეთი ტექნოლოგიები იყო სწორედ იმისთვის, რომ ლოგისტიკა იყოს სწრაფი, ეფექტიანი და ნაკლები დანახარჯით“.

რაც შეეხება ომის გავლენას ტარიფებზე, მენთეშაშვილი ამბობს, რომ ტარიფების კორექციას დრო განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით, თუ ომი გრძელ ვადაში გაგრძელდება, ეს მიწოდების ჯაჭვის ყველა პროდუქტზე აისახება : „ტარიფები, საოპერაციო ხარჯები და საწვავის ღირებულება გაიზრდება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ომი მალე დასრულდება და კრიზისი ქართველ მომხმარებელს ვერ მისწვდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები