მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველოს შუა აზიიდან ტვირთების ტრანზიტის დიდი ზრდა აქვს“ - ხუციშვილი

63723179a0aac
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.22 16:22
751
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეფასებით, თითოეული ტვირთი, რომელიც შუა დერეფნით, საქართველოს გავლით ტრანსპორტირდება, ქვეყნისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა საქართველომ ნავთობის ტრანზიტით სარგებელი ნახოს და ნავთობის ფასი გაიაფდეს, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ შუა აზიიდან საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტის მიმართულებით ქვეყანას დიდი ზრდა აქვს.

„ნავთობპროდუქტები ერთ-ერთი პროდუქტია, რომლის ტრანზიტისთვისაც საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება, გარდა ამისა ძალიან ბევრი პროდუქტია, რომლის ტრანზიტი შუა აზიიდან საქართველოს გავლით ხორციელდება, ამ მიმართულებით ქვეყანას ძალიან დიდი ზრდა აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კერძოდ ჩრდილო დერეფნის გადმოტანა შუა დერეფანში ხდება, რომელშიც საქართველო იმყოფება. ტვირთები, რომელიც შუა აზიიდან ევროპის მიმართულები საქართველოს გაივლის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მისი სატრანზიტო ფუნქციისა და ეკონომიკისთვის და ეს დამატებითი შემოსავლის მომტანია, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.

ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გასაზრდელად ქვეყანა ძალიან ბევრ ინვესტიციას ახორციელებს. 2024 წლისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულებას ვგეგმავთ. ყველა დიდი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2025 წლისთვის სრულად დასრულებული უნდა იყოს. ასევე ახალი პორტების მშენებლობის პროექტებიცაა. ყველა ეს პროექტი ქვეყანას საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით უფრო მეტი ტრანზიტის განხორციელების და ქვეყანაში უფრო მეტი შემოსავლის დატოვების შესაძლებლობას აძლევს. ბუნებრივია, თითოეული ტვირთი, რომელი საქართველოზე გადის ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნისთვის“, - განაცხადა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები