მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შესამუშავებლად უცხოური კომპანიების შერჩევა მიმდინარეობს - ნინო ენუქიძე

ნინო ენუქიძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შესამუშავებლად უცხოური კომპანიების შერჩევა მიმდინარეობს. ნინო ენუქიძე ამბობს, რომ სივრცითი მიმართულებით ბაზარზე სპეციალისტების ნაკლებობაა.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის ბიუჯეტი 1.5 მილიონი დოლარია და "აზიის განვითარების ბანკის" მიერ ფინანსდება (ADB).

ნინო ენუქიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. დოკუმენტის მიზანია მუნიციპალიტეტებისთვის არსებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადატანა – 2028 წლის ნაცვლად, 2035 წლის 31 დეკემბრამდე.

"ვმუშაობთ ქვეყნის სივრცითი მიმართულების გეგმის შემუშავებაზე და ამაში ADB გვეხმარება. კონცეფციისთვის გამოყოფილია დაახლოებით 1.5 მლნ დოლარი. ახლა მიმდინარეობს უცხოური კომპანიების შერჩევა. რა თქმა უნდა კარგია რომ უცხოური კომპანიები ჩამოვიყვანოთ ან კონკრეტული ექსპერტები, რა მიმართულებითაც სააგენტო ინტენსიურად ვმუშაობთ, მაგრამ ვადები იმისთვისაა საჭირო, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება, რაღაცით უნდა დავიწყოთ და შესაბამისად, რაღაცამდე მივიდეთ. მოგეხსენებათ, სივრცითი სააგენტო 2022 წელს დაფუძნდა და იქიდან მოყოლებული 14 პროექტი გვაქვს ბოლომდე მიყვანილი, ზოგი აქედან დამტკიცებული, ზოგი მიმდინარე საკრებულოზე წარდგენილი, მაგრამ საკრებულოს მიერ ჯერჯერობით არ დამტკიცებული. აქედან გამომდინარე, ცენტრის დახმარება ადგილობრივის მიმართულებით, იმ პირობებში რომ თვითონ ეს დარგი ზოგადად ძალიან ახალია, ინოვაციურია და სპეციალისტების ნაკლებობაა ბაზარზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია, რომ თქვენი მხრიდან მხარდაჭერა გვექნება, რომ ჩვენი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ",- განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ცნობისთვის, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ინტერესის გამოხატვა გასულ წელს გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები