„განვითარებისთვის ყველაზე მეტად განათლება გვჭირდება“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „სოფმარის“ დირექტორმა ვახტანგ ალანიამ წამყვანის კითხვას.
„ყველაზე სუსტი წერტილი ვართ ისევ ჩვენ - ქართველები. განვითარებისთვის ყველაზე მეტად განათლება გვჭირდება; მეტი უნდა ვისწავლოთ და მეტი ვიშრომოთ“, - თქვა ბიზნესმენმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში „სოფმარის“ დირექტორმა საქართველოს საინვესტიციო იმიჯიც შეაფასა, რომელიც მისი აზრით, „ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს“. ამ კონტექსტში ვახტანგ ალანიამ ქვეყნის მთავარ გამოწვევადაც საქართველოს მოქალაქეები დაასახელა.
„საქართველოს საინვესტიციო იმიჯი არც ისე ცუდად გამოიყურება - საშუალოა. არის დადებითი ტენდენციები და ძვრები კანონმდებლობაში - ვგულისხმობ საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობას, მაგრამ უკეთესი იმიჯისთვის სამუშაო ბევრი გვაქვს. ყველაზე მთავარი გამოწვევა, ვფიქრობ, მაინც ჩვენ ვართ - ქართველები. წარმოიდგინეთ, თუ დილით ვერ ავდექით და ცხრა საათზე არ მივედით სამსახურში, ჩვენთვის ეს ნორმაა, მაგრამ უცხოელ პარტნიორს უკვირს; ის რეკავს და ჩვენ არ ვუპასუხებთ, რადგან არ ვართ ჯერ სამსახურში. მსგავსი დეტალები განსაზღვრავს იმიჯს, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობთ... მაგალითად, გერმანიაში სამუშაო დღე იწყება 06:00 საათზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენ მუშაობა ექვს საათზე დავიწყოთ, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ. უნდა გავიაზროთ, რომ როცა სამსახურს ადრე იწყებ, ადრე ამთავრებ და გრჩება მეტი თავისუფალი დრო ცხოვრებისთვის - კინოში წასვლისთვის, წიგნის კითხვისთვის და ა.შ.“, - თქვა ბიზნესმენმა.