"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები 46 ქვეყანასთან და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულთან აქვს გაფორმებული, რაც ქვეყნის ექსპორტის 87%-ს მოიცავს.
უწყების გავრცელებულ პრესრელიზის მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებულია ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა პარტნიორებთან, რის შედეგადაც ქართველ მწარმოებლებს წვდომა დაახლოებით 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე აქვთ.
გენადი არველაძის შეფასებით, აღნიშნული შედეგი მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ განხორციელებული აქტიური მოლაპარაკებების შედეგია.
მისივე ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასაწყებად სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) შესაბამისი კონსულტაციების გამართვის მიზნით მიმდინარე თვეში უკვე გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა. მინისტრის მოადგილის თქმით, საბჭო განიხილავს კონსულტაციების შედეგებს და მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, რაც საქართველოს ბიზნესს დამატებით 60 მლნ-ზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე წვდომას გაუხსნის.
„უახლოეს პერიოდში იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების სერბეთთან დაწყება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ბოლო ვიზიტისას სერბეთში.
აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ისრაელთან, რომელთანაც მოლაპარაკებების დაწყება 2026 წლისთვის არის დაგეგმილი. სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. ჯამში, ჩამოთვლილი მიმართულებები ქართველი მეწარმეებისთვის 130 მილიონზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე გასვლას ნიშნავს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ექსპორტის მხარდაჭერის კიდევ ერთ ინსტრუმენტზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ხორციელდება. „ჩვენ ვეხმარებით ექსპორტიორებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტი პროდუქციის განთავსება შეძლონ და გაზარდონ მათი წარმოებული პროდუქციის ცნობადობა“,- აღნიშნა მან.
გენადი არველაძემ 2025 წლის 11 თვის ექსპორტის მაჩვენებლების შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ექსპორტი10%-ზე მეტით გაიზარდა და წინა წლის წლიურ ექსპორტს გადააჭარბა.
„ასევე გაიზარდა ექსპორტის გეოგრაფია. 134 ქვეყანაში მოხდა ექსპორტზე საქონლის გატანა, მათგან 70 ქვეყანაში ექსპორტი გაიზარდა, 20 - ში კი ექსპორტი ორმაგად და მეტად გაიზარდა“, - თქვა გენადი არველაძემ.




























