მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს TOP-ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა - რომელ დარგებსა და კომპანიებში ჩაიდო FDI?

FDI

2024 წელს საქართველოში განხორციელებულ 1 მილიარდ 333 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის მესამედი გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა. გასულ წელს UK-დან შემოსული ინვესტიციები წლიურად 23%-ით 448 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. დიდი ბრიტანეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების დიდი ნაწილი კი საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ჩაიდო. BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია რომელ სექტორებსა და კომპანიებში განხორციელდა გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან ინვესტიციები.

სექტორების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $453 მლნ;
  2. დამმუშავებელი მრეწველობა - $32.5 მლნ;
  3. ტრანსპორტი და დასაწყობება - $5.1 მლნ;
  4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - $3.1 მლნ;
  5. ტურიზმის სექტორი - $1.8 მლნ;
  6. დანარჩენი სექტორები - $722 ათასი;
  7. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების სექტორი - $253 ათასი;
  8. ჯანდაცვა და სოციალური საქმიანობები - $212 ათასი;

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოდან გასულ წელს ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორში, რაც აზარტულ თამაშებს მოიცავს, ინვესტიციების გადინება ფიქსირდება, რამაც 50 მლნ დოლარი შეადგინა. ეს შესაძლოა, ქვეყნიდან ინვესტორების მიერ დივიდენდების გატანას უკავშირდებოდეს.

ინვესტიციების გადინება გვაქვს ინფორმაცია და კომუნიკაციის [-$2.5 მლნ], მშენებლობის [-$710 ათასი], ვაჭრობის [-$157 ათასი] და განათლების სექტორებშიც [-$100 ათასი], თუმცა შედარებით მცირე მოცულობით.

რაც შეეხება სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა სახის მომსახურებებში განხორციელებულ ინვესტიციებს, ამ მიმართულებით გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციების შესახებ მონაცემები კონფიდენციალურია, რადგან მაჩვენებლების სიდიდე უმნიშვნელოა.

რაც შეეხება TOP ინვესტორ კომპანიებს, სადაც გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან ყველაზე მეტი ბრიტანული ინვესტიციები ჩაიდო, კომპანიების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  • ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • შპს ტავ ურბან საქართველო;
  • შპს ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო;
  • სს მინა;
  • შპს ტურინვესტი;
  • Save the Children International-ის საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისი;
  • საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი;
  • სს ბიჯეო ჯგუფი;
  • შპს სვიფტ ჯორჯია;
  • შპს ადენზა ჯორჯია.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები