ROOMS Holding-ის ყოფილი აღმასრულებელი და მმართველი დირექტორები და საკონსულტაციო კომპანია Hospitality Projects-ის მფლობელები ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა მიიჩნევენ, რომ საქართველოს ტურიზმის ძლიერი მხარე ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობაა, სუსტი კი - ტურისტული პროდუქტების სიმცირე და პროფესიონალი კადრების დეფიციტი. ამ თემაზე მათ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრეს.
ვალერი ჩეხერია: საქართველოს ტურიზმის სუსტი მხარეა პროფესიონალი მენეჯმენტის და კადრების ძალიან დიდი დეფიციტი, რაც მსოფლიოსთვისაც გამოწვევაა. დღეს ბევრი შესაძლებლობაა, არის ფინანსური რესურსიც ლამაზი ტურისტული პროდუქტების შექმნის, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს სწორი მენეჯმენტი. ვაპირებთ, ჩვენი საკონსულტაციო კომპანია Hospitality Projects-ის სერვისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ჰოსპიტალიტი სექტორში განათლების მიცემა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყოს.
ლევან ბერულავა: რაც შეეხება საქართველოს ტურიზმის ძლიერ მხარეს, ვფიქრობ, ეს თავად საქართველოს ადგილმდებარეობა, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურაა. სხვა ევროპელ კურორტებთან შედარებით, ქართული კურორტები ხელმისაწვდომია, მაგრამ საჭიროა, ტურისტული პროდუქტების შექმნა და სწორი სეგმენტისთვის ასევე სწორად და ხარისხიანად მიწოდება.
ვალერი ჩეხერია: მაგალითად ავიღოთ ისრაელის ბაზარი - კვირაში რვა ავიარეისი სრულდება საქართველოში და ამ ქვეყნიდან, ძირითადად, ჩამოდიან ხანში შესული ადამიანები ან ისინი, ვისაც კაზინოში თამაში უნდა, მაგრამ ვერ ვიღებთ ძალიან მხარჯველუნარიან სეგმენტს ისრაელიდან, რადგან მათთვის საინტერესო პროდუქტს ვერ ვაწვდით...
- ვინ უნდა იაქტიუროს საინტერესო ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად?
ლევან ბერულავა: ალბათ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ტანდემში უნდა იმუშაონ...
ვალერი ჩეხერია: ქვეყნის ტურიზმის მარკეტინგის თვალსაზრისით აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა. პროდუქტის შექმნის მიმართულებით კი,ალბათ უფრო კერძო სექტორმა უნდა იაქტიუროს; ვგულისხმოს სასტუმროს დაგეგმარებას, რეგიონის სწორად შერჩევას, რა ტიპის მოგზაურზე იქნება სასტუმრო გათვლილი, ამის წინასწარ განსაზღვრას და ა.შ. ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია ბრენდის შექმნისთვის... ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ უცხოურ საკონსულტაციო კომპანიასთან მქონია შეხება, რომლებიც დაიქირავეს ინვესტორებმა, ვისაც საქართველოს ჰოსპიტალიტი სექტორში შესვლა სურდა და შემდეგ, ეს საკონსულტაციო კომპანიები კონსულტაციისთვის ჩვენთან მოდიოდნენ კითხვით - რა და როგორ რა გავაკეთოთ ანუ მაინც ადგილობრივ კომპანიებს ეკითხებიან...
ლევან ბერულავა: ამიტომაც გამოვჩნდით ჩვენ - Hospitality Projects-ი...
- საქართველოს ტურიზმის მარკეტინგისთვის რა უნდა გააკეთოს მთავრობის ტურიზმის გუნდმა უფრო განსხვავებულად და უფრო თამამად? მაგალითად, დღეს რას ურჩევდით?
ვალერი ჩეხერია: EURO 2024-ს მაქსიმალურად გამოვიყენებდი, რომ ბევრი რეკლამა ყოფილიყო ევროპაში საქართველოს შესახებ, რადგან ფეხბურთელებმა დიდი რეკლამა უკვე გაგვიკეთეს და საქართველოთი ძალიან ბევრი ადამიანი დააინტერესეს...
- ფეხბურთის ჩემპიონატის პერიოდში გერმანიაში საქართველოს შესახებ აქტიური სარეკლამო კამპანია არ იყო? გულწრფელად ვიტყვი, მე არ მინახავს...
ვალერი ჩეხერია: არ ვიცი, მაგიტომ დამაკლდა...
- ალბათ რომ ყოფილიყო, ვნახავდით... ეფექტური რეკლამები სოციალურ ქსელში სწრაფად ვრცელდება...
ვალერი ჩეხერია: ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესო ხალხის, სწორი სეგმენტის ჩამოყვანა და ჩვენება იმ პოტენციალის - გასტრონომიის თუ კულტურის, რითაც საქართველო მდიდარია... ასევე, ტურისტულ პროდუქტზე როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად, სასტუმრო არაა მხოლოდ ადგილი, სადაც მოგზაური, მათ შორის ბიზნესმოგზაური უბრალოდ ღამეს ათევს. ყველას სჭირდება ადგილი, სადაც რაღაც ახალს ნახავს, ახალ გამოცდილებას მიიღებს, ადგილი, რომელსაც შეიყვარებს და ზუსტად ასეთი პროდუქტები გვჭირდება საქართველოში, რომელიც ახალ ტურისტს ჩამოიყვანს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირთან. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირისკენ მივდივართ, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს ჩვენი ქვეყნისთვის და უფრო მეტ ევროპელ ტურისტს მოუნდება საქართველოში ჩამოსვლა და მოგზაურობა.
- და მაინც, როგორ უნდა მოიზიდოს საქართველომ მხარჯველუნარიანი ტურისტი? რა უნდა შევთავაზოთ?
ვალერი ჩეხერია: ვიცით, რომ გვაქვს კარგი ღვინო, მდიდარი გასტრონომია, მაგრამ ამ პროდუქტებსაც სჭირდება დახვეწა. საჭიროა, ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნა, კულინარიის დახვეწა და განვითარება. საქართველოს აქვს პოტენციალი გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების, რაც ერთ-ერთი ძლიერი მხარეა - არაერთი კურორტი აქვს ქვეყანას, მაგრამ შესაძლებლობები სრულად ათვისებული არაა.
ლევანი ბერულავა: მაგალითად, კურორტი წყალტუბო და სხვა ბალნეოლოგიური კურორტები, სადაც არ არის თანამედროვე ხარისხის სასტუმროები ყველა საჭირო სერვისით, რაც მოიზდავდა ტურისტებს...
- კურორტების ცნობადობა არაა პრობლემა? ბალნეოლოგიური ტურიზმის ინდუსტრიისგან ხშირად მსმენია, რომ კურორტებს ცნობადობა აკლია, რასაც ბიზნესი თავისი ხარჯებით ვერ გასწვდება...
ლევან ბერულავა: ROMMS ყაზბეგი რომ გაიხსნა, მაშინ ყაზბეგი იაპონიაში არ იცოდნენ, მაგრამ დღეს იაპონელი თუ ტაილანდელი მოგზაურები ჩამოდიან ყაზბეგში, რაც ეკოსისტემა შექმნა ბრენდმა ROOMS-მა. ინტერესი იბადება, როცა მომხმარებელს რაღაც განსხვავებულ, საინტერესო პროდუქტს სთავაზობს.