მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს" - რას ნიშნავს ეს?

უმაღლესი განათლება

განათლების ექსპერტების განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს.

უმაღლესი განათლების ოთხმა ექსპერტმა საკითხზე დღეს გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებისას, 2024 წლის აპრილში, ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა. კერძოდ, პოლიტიკური გავლენა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ფუნქციონირებაში, რომლის პირობებშიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

ექსპერტებმა განმარტეს, რას ნიშნავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პოტენციურად ENQA-ს წევრობის დაკარგვა და EQAR-ში რეგისტრაციის გაუქმება. მათი თქმით, მათ შორის, პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, ასევე, გაუარესდება საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები.

მათივე თქმით, შესაძლოა, დადგეს საერთაშორისო დონეზე საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემაც.

BM.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს.

2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) დარეგისტრირდა. შედეგად, შესრულდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა და აღიარება რომ საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებისას, 2024 წლის აპრილში, ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა. კერძოდ, აღინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის არსებობა, რომლის პირობებშიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ:

  • საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
  • ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
  • საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს;
  • მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.

ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოჰყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე. ასევე, ეს ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უსდ-ების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს.

მეტ დეტალს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ ENQA-ს წევრობისა და EQAR -ის რეგისტრაციის დაკარგვის შესახებ, უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება",- აღნიშნულია უმაღლესი განათლების ექსპერტების: ირინე დარჩიას; ლიკა ღლონტის; მარინე ჩიტაშვილის და ქეთი ცოტნიაშვილის განცხადებაში.

BM.GE საკითხთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები