მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები 15 აპრილს "რუსულ კანონის" წინააღმდეგ მსვლელობას მოაწყობენ

საქართველოს უნივერსიტეტი

15 აპრილს, 11 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის" წინააღმდეგ ერთიანდებიან - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უნივერსიტეტის თვითმმართველობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის მეტრომდე მსვლელობას გამართავენ, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების შეკრებაა დაგეგმილი.

"15 აპრილს, 11 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვერთიანდებით რუსული კანონის წინააღმდეგ. მსვლელობით საქართველოს უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის მეტრომდე, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შევიკრიბებით და ერთიანი ძალით მოვაწყობთ მსვლელობას პარლამენტამდე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი.

15 აპრილს იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას და სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიზაციას",- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებულ განცხადებას თავად უნივერსიტეტიც გამოეხმაურა და სასწავლო პროცესი 1 კვირით გადაავადა.

"საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი უამრავი სტუდენტისა და ლექტორის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქე სტუდენტების სწავლის პროცესის 1 კვირით გადადების თაობაზე.

არა რუსეთს! "- წერია საქართველოს უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები