2023 წლის 8-11 თებერვალს, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის გაიმართება შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან.
ამასთან, ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების შესახებ.
გორდან გრილიჩ რადმანი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ასევე, ხორვატი მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდება ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს ეწვევა ხორვატ ბიზნესმენთა დელეგაცია, რომელიც შეხვედრებს გამართავს ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.