ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იგორ ნაზარუკსა და ბელარუსში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, გიორგი საგანელიძეს, შორის მინსკში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრაზე განიხილეს ბელარუსულ - ქართული დიალოგის აქტუალური საკითხები. მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ურთიერთობის გააქტიურების შესახებ", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვს. ის გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, მიმდინარე წელს კი დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მინსკში მიიღო. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ცნობით, აფხაზური პროდუქცია მინსკში ექსპორტზე გადის. იგეგმება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.