"კრასნოდარის ტერიტორიის განვითარების ფონდი საქართველოსა და აფხაზეთში საზღვაო ტაქსის ამოქმედებას გეგმავს", - ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი ფონდის გენერალურ დირექტორზე დაყრდნობით წერს.
ილია შაკალოვის განცხადებით, პირველ ეტაპზე, პროექტი სოჭიდან ნოვოროსიისკიში ორი კატამარანის გაშვებას ითვალისწინებს. თითოეულით 340-მდე ადამიანის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.
"ალტერნატიული ტურისტული მარშრუტი მნიშვნელოვნად განმუხტავს საცობებს და მგზავრობის ფასს გაანახევრებს. სამგზავრო წყლის ტრანსპორტის განვითარება კრასნოდარის ტერიტორიისთვის ძალიან პერსპექტიულია. ასეთ გემს შეუძლია, დღეში ორი მოგზაურობა შეასრულოს. მგზავრობის დროს, დაახლოებით, ოთხი საათი დასჭირდება. მომავალში ტურისტები ამ გზით აფხაზეთსა და საქართველოში გამგზავრებას შეძლებენ“, - აღნიშნა შაკალოვმა.