კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში გამართული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა დუგკუნ ანმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი. შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში. ინფორმაციას ეკონომიკის ამინისტრო ავრცელებს.
შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ის შეასრულებს ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში ურთიერთობის გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების პროცესი მოკლე დროში დასრულდება და კორეასთან საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. მინისტრის მოადგილის თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვა.
ხელმოწერას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუა.