რუსეთში თავისუფალ ჭიდაობაში XVIII საერთაშორისო ტურნირი ვლადიმერ სემენოვის თასისთვის გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, ტურნირში 15 ქვეყნის 150 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საქართველოს დროშასთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც იყო გამოფენილი.
რუსეთში გამართულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან და ა.შ.
საქართველოს სახელით მონაწილეობა გიორგი რევაზიშვილმა, თორნიკე გელაშვილმა და ლუკა გუგეშაშვილმა მიიღეს.
აფხაზეთის სახელით, ტურნირზე მარატ კოკოსკერია, ბაგრატ პანდარია და ასტამურ გუნბა გამოვიდნენ.
"იცით, რომ ახლა, სწორედ დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი მოჭიდავეები აფხაზეთის დროშის ქვეშ გამოდიან?! (ადრე სპორტსმენები რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ). არის პერსპექტივა, რომ ეს მოხდება ყველა სპორტულ ღონისძიებაზე. ფოტოზე გამოსახულია ჩვენი სპორტსმენები ვლადიმერ სემენოვის თასისთვის თავისუფალი სტილით ჭიდაობის XVIII საერთაშორისო ტურნირზე", - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტში.
BMG საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ საკითხი მათ არ ეხებათ.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კი BMG-ის განუცხადეს: "სამინისტროსთვის უცნობია, რა ღონისძიებაზე საუბრობთ. არანაირი შეხება არ აქვს მასთან არც საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, რომელსაც სამინისტრო ვაფინანსებთ".
კითხვას, საქართველოს სახელით გამოსული ადამიანები თვითნებურად წავიდნენ თუ არა მონაწილეობის მისაღებად, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არ უპასუხა.