მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის კლიმატის ცვლილებაზე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

კორეა

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

უწყების ცნობით, ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.

"კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას", - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები