მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური აქტივობების ზრდას უზრუნველვყოფთ - ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური აქტივობების ზრდას უზრუნველვყოფთ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უწყების ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე, სადაც განხილული იყო ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.

მხარეებმა ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში თანამშრომლობის გაფართოება როგორც რეგიონულ, ისე ორმხრივ ფორმატში.

„სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის რეგიონში მშვიდობა იმისთვის, რომ ორმა ქვეყანამ გააგრძელოს მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. განვიხილეთ მიმდინარე პროექტები და ახალი ინიციატივები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტზე, ლოგისტიკაზე, ორმხრივ ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ინვესტიციების სფეროზე.

დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნებისთვის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საერთო ძალისხმევით შევძლებთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკური აქტივობების ზრდას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სომხეთთან სავაჭრო ბრუნვამ 10 თვეში 625.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდს 3%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები