ლოგისტიკური კომპანია Onex-ი საქართველოსა და სომხეთს შორის ონლაინ ვაჭრობისას, გადაზიდვების გამარტივებულ და სწრაფ სერვისს აანონსებს - ამის შესახებ BMG-სთან კომპანიის გენერალური დირექტორი მიშა სტეფანიანი საუბრობს. მისი თქმით, კომპანია მზად არის, სომხეთისა და საქართველოს ბაზრებს შორის არსებული ლოგისტიკური ბარიერები მინიმუმამდე დაიყვანოს და მომხმარებელს სწრაფი, ხელმისაწვდომი სერვისი შესთავაზოს.
მისივე ცნობით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, სომხეთში ექსპორტი გაზარდოს, განსაკუთრებით კი ავტონაწილების სეგმენტში.
„e-commerce პლატფორმები ძალიან მზარდი ტემპებით ვითარდება ჩვენს ცხოვრებაში და სომხეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობაშიც იზრდება ეს ტემპი. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პოტენციალია ორ ქვეყანას შორის, რომ ადვილად აეწყოს e-commerce ვაჭრობა - გეოგრაფიულად, ორივე ქვეყანა ძალიან ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან და ლოგისტიკაც უფრო ადვილია.
საქართველოში ძალიან დიდია სომხეთში ექსპორტის პოტენციალი - ერთ-ერთი ასეთი მზარდი ინდუსტრია ავტონაწილებია, რომელიც ძალიან ცნობილია კავკასიის ქვეყნებში. ბევრი სხვა საქონელია, რომელიც ასევე ელექტრონული პლატფორემით გაიყიდოს სომხეთში.
სომხეთშიც არსებობს მოთხოვნადი ადგილობრივი წარმოების ბევრი პროდუქცია - ეს იქნება ტექსტილი, ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრია თუ სხვა. ჩვენი ბაზრები კულტურულად და მოთხოვნებით ჰგავს ერთმანეთს, რაც ვაჭრობის განვითარების კარგ საფუძველს იძლევა“ - აცხადებს BMG-სთან მიშა სტეფანიანი.
მისივე ცნობით, Onex-ი სომხეთში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს, საქართველო-სომხეთის მიმართულებით კი, ტვირთების მიწოდებას 3-4 დღეში გეგმავს. ეს ვადა მოიცავს სრულ ციკლს - ამანათის მიღებიდან ადრესატამდე ჩაბარებამდე.
საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობა, ჯერჯერობით, კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2025 წელს საქართველოდან სომხეთში თითქმის, 553 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 617 მლნ 668 ათასი დოლარი იყო. 2025 წელს, სომხეთიდან საქართველოში იმპორტმა 237.5 მლნ დოლარი შეადგინა.




























