საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აქციონერთა ხელშეკრულება გაფორმდა.
საუბარია, არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია, Masdar-სა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს (GEDF) შორის დადებულ ხელშეკრულებაზე.
100 მგვტ. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის „მუბადალას“ წევრი კომპანია „მასდარის“, ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 80 – 100 მლნ. აშშ დოლარია.
„საქართველოში მზის ენერგიის უმსხვილესი პროექტის რეალიზებისთვის Masdar-მა და GEDF-მა თანამშრომლობაში პროგრესს მიაღწიეს. მომავლის ენერგეტიკის მსოფლიო სამიტის ფარგლებში, რომელიც 16-18 აპრილს გაიმართა, მხარეებმა ხელი მოაწერეს აქციონერთა ხელშეკრულებას 100 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ფოტოელექტროსადგურის მშენებლობაზე,” - წერს კომპანია.
შეთანხმების დოკუმენტს მთავრობასა და კომპანიას შორის ხელი ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მოეწერა. თუმცა, ამის შემდეგ იყო კვლევისა და ადგილის შესწავლის გრძელვადიანი პროცესი.
აღსანიშნავია ისიც, რომ „მასდართან“ ხელშეკრულება, 2025 წლისთვის პირველი ელექტროსადგურის ასაშენებლად სომხეთმა უკვე გააფორმა. 200 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური - Ayg-1 მეზობელ ქვეყანაში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური იქნება. „მასდარი“ პროექტში 174 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
დღეს „მუბადალას“ კაპიტალიზაცია 243 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს დაინტერესებას მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, სხვადასხვა სექტორში და აქტივების კლასებში.
აქედან პროექტების საერთო ღირებულება Masdar Clean Energy- ის პორტფელში 8.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. „მასდარის“ საინვესტიციო წილი 2.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეგა კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 55000 დასაქმებული ჰყავს.