საქართველოში 11 ქვეყანას ახალი ელჩი ჰყავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 5 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ბელგიის სამეფოს, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, კვიპროსის რესპუბლიკის, კამბოჯის სამეფოს, ტაჯიკეთის რესპუბლიკისა და გვატემალის რესპუბლიკის არარეზიდენტმა ელჩებმა. პარალელურად, მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, ბურუნდის რესპუბლიკისა და მალის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩებმა.
კერძოდ, ბელგიის ელჩად დაინიშნა ჟიულიენ დე ფრაიპონტი, ლუქსემბურგის ელჩად - ალენ დე მუიზერი, კვიპროსის ელჩად - სტავროს ავგუსტიდესი, კამბოჯის ელჩად - სოკ ჩია, ტაჯიკეთის ელჩად - ილჰომ ბაროცოდა აბდურაჰმონი, გვატემალის ელჩად - ედუარდო ენრიკე ერნანდეს რეცინოსი, ფილიპინების ელჩად - ჰენრი ს. ბენსურტო, პაკისტანის - ქასიმ მოჰიუდინი, სომალის - ფათუდინ ალი მუჰამედი, ბურუნდის - დიდაჩე არ დანებდე და მალის ელჩად - სეიდუ კამისოკო დაინიშნა.
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ ზურაბაშვილმა და თოთლაძემ შეხვედრები გამართეს ელჩებთან, მიულოცა მათ დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრებზე განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.




























