2023 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 63 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 202.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
"კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 0.8%-ით გაიზარდა და 15 215 შეადგინა, რომელთაგან 13 114 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევრები.
მკვლევრების 54.4% ქალია, ხოლო 45.6% - კაცი.
მკვლევართა 68.8% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.4% - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8% ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული", - წერია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
რაც შეეხება მკვლევრების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.0%), ხოლო კაცების შემთხვევაში - 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (26.6 %).
საქსტატის მიხედვით, მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 215 კაცს შეადგენს (24.5%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 470 პირია დასაქმებული (3.6%).