მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში 14 კგ ნარკოტიკის შემოტანისთვის დაკავებული გოგოს ოჯახმა £137 ათასის საპროცესო გადაიხადა - BBC

ბელა კალი

"საქართველოში ნარკოტიკის შემოტანისთვის დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული თინეიჯერის ოჯახმა, მისი სასჯელის შესამცირებლად, £137 ათასი გადაიხადა" - ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, 19 წლის ბელა კალს (Bella Culley), დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა. დღეს კი დედამისმა მედიასთან დაადასტურა, რომ ოჯახმა საქართველოში ფული, დაახლოებით ₾500 ათასი, უკვე გადმორიცხა და ახლა პროკურატურის მიერ მიღების დადასტურებას ელიან.

ტაილანდიდან მომავალი ბელა კალი მიმდინარე წლის მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს. მისი ბარგიდან კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 12 კილოგრამი მარიხუანა და 2,1 კილოგრამი ჰაშიში ამოიღეს. სამგზავრო ჩანთაში აღმოჩნდა 34 ჰერმეტულად დაფასოებული შეკვრა, რომელშიც მარიხუანა იყო მოთავსებული, ასევე 20 შეფუთვად დაფასოებული ჰაშიში. გოგონა ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანას მას აიძულებდნენ.

BBC-ის ცნობით, საპროცესო შეთანხმების თანახმად, მისმა ოჯახმა ₾500 ათასი (137 ათასი ფუნტი სტერლინგი) მისი სასჯელის მნიშვნელოვნად შესამცირებლად გადაიხადა, თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს, რა ვადებზეა საუბარი. ბელა კალი 3 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო მოსმენამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩება. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ ნარკოტიკების შემოტანაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, 35 კვირის ორსულია.

როგორც კალის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ BBC-ს განუცხადა, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, პირობები ოჯახისთვის ცნობილია და მხოლოდ ტექნიკური საკითხების გადასაჭრელადაა საჭირო რამდენიმე დღე.

პროკურატურას bm.ge დაუკავშირდა. უწყებაში დაადასტურეს, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ქალის სასამართლო ნამდვილად დღეს გაიმართა დამატებითი კითხვების პასუხისთვის კი დრო ითხოვეს.

მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები