საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ უნაღდო ოპერაციების ზრდის მიუხედავად, კვლავ აქტუალურია ფიზიკური ჩასარიცხი ტერმინალების გადახდებიც. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სულ 14,800 თვითმომსახურების ტერმინალი დგას, ამასთან წინა წელთან შედარებით ამ ტერმინალების რაოდენობა 500-ით არის გაზრდილი.
იზრდება ამ აპარატებში ჩარიცხული ფულის მოცულობაც. ეროვნული ბანკის სტატისტიკურ პორტალზე ამ დროისთვის ხელმისაწვდომი უკანასკნელი მონაცემები ივლისში განხორციელებულ ოპერაციებს ასახავს, რომლის თანახმადაც 2024 წლის ივლისში მათში 9.9 მილიონი ოპერაცია შედგა, რომლითაც 1.24 მილიარდი ლარი ჩარიცხეს. ეს თანხა რეკორდულია, რადგან აქამდე ჩასარიცხი აპარატების ყოველთვიური ბრუნვა 1,000-1,100 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.
ყველაზე ხშირად ფიზიკურ ჩასარიცხ აპარატებს აზარტულ კომპანიებში თანხის შესატანად, კომუნალური გადახდების, სამგზავრო ბარათის შესავსებად და საბანკო ვალის მომსახურებისთვის, ასევე ჯარიმების გადახდის, პირადი გადარიცხვებისა და სხვა მოსაკრებლების დასაფარად იყენებენ.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩასარიცხი აპარატით თვეში 667 ოპერაცია სრულდება და 84 ათასი ლარი ირიცხება. ეს დღეში 21 ჩარიცხვას ნიშნავს, ერთი საშუალო ჩარიცხვის მოცულობა კი 126 ლარს შეადგენს.
როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩარიცხვის ღირებულება იზრდება. ერთი წლის წინ ეს 106 ლარი იყო, 2022 წელს კი 80.5 ლარი.
ჩარიცხული თანხების მატებასთან ერთად სავარაუდოდ, იმატებს ჩასარიცხი აპარატების ოპერატორთა საკომისიო შემოსავალიც, თუმცა ეს სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა.