მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 17,000-მდე რუსული კომპანიაა, ნახევარზე მეტი ომის შემდეგ დარეგისტრირდა - TI

636a14d96534e
BM.GE
08.11.22 12:40
808
საქართველოში სულ 17,000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტ-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომელიც რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ეხება.

TI-ს მიხედვით, მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

„საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. სწორედ ასეთ კომპანიებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს, თუმცა ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 17,000-მდე ისეთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 79% (9,500-მდე) 2018-2022 წლებში არიან დარეგისტრირებული. 2022 წლამდე, ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა - 1,180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა. 2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მატება, ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 193 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში კი - 2,150 კომპანია. აპრილ-სექტემბერში თვეში საშუალოდ 1,226 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა. საბოლოოდ, 2022 წლის მარტი-სექტემბერში დარეგისტრირდა იმაზე 10-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში.

მიმდინარე წლის მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვს“, - წერია TI-ს კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები