მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში 20-მეგავატიანი DATA-ცენტრი აშენდება – რას გეგმავს AS Group?

რამიზ
09.11.25 14:30
4830

საქართველოში, შესაძლოა, 20-მეგავატიანი დატაცენტრი აშენდეს, რომელიც თბილისში, ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგიით მომარაგდება.
აი, სწორედ ეს მიზანი დაისახა აზერბაიჯანულმა AS Group-მა, რომელსაც, ამ დრომდე, საქართველოში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში “დირსის” პროექტითაა ცნობილი და ახალი ჰეს-ის და დატაცენტრის მოწყობასაც თბილისში, დირსის დასახლების მიმდინარე ტერიტორიაზე გეგმავს.

პროექტის შესახებ პირველად თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გახდა ცნობილი, რის შემდეგაც საქმიან დეტალებზე ბიემჯის გუნდმა ინტერვიუ AS Group-ის ენერგეტიკის და ინდუსტრიული ინოვაციების დირექტორთან, რამიზ მამადოვთან ჩაწერა და მეგაპროექტის დეტალები მოიკითხა.

- საქართველოსთვის, AS Group-ი ერთ-ერთი მსხვილი აზერბაიჯანული ინვესტორია. როდის შემოვიდა თქვენი კომპანია საქართველოში და რომელია ყველაზე მასშტაბური პროექტი თქვენს პორტფელში?

საქართველოში 2011 წლიდან ვართ და ამ დრომდე ეკონომიკაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ. ჩვენი ყველაზე დიდი პროექტი იყო და არის საცხოვრებელი კომპლექსი “დირსი”, სადაც ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ამ პროექტს სოციალური მხარეც ჰქონდა, რომლის ფარგლებში საცხოვრისი იძულებით გადაადგილებული პირებსაც გამოვუყავით. მომდევნო ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში დამატებით 600 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა დეველოპმენტი, საცალო ვაჭრობა, ენერგეტიკა და დატაცენტრები, რაც ჩვენი ფლაგმანი პროექტია.

- როგორც ახსენეთ, მწვანე ენერგეტიკის პროექტი თქვენთვის უპირატესია — რას მოიცავს ის?

პროექტის არსი “არქიმედეს ხრახნია” — ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით არსებობს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად თურქეთში ამ ტიპის ორი დასრულებული და ერთი მიმდინარე პროექტი გვაქვს, ხოლო კიდევ ერთს აზერბაიჯანში ვავითარებთ. გვინდა, მსოფლიოში ყველაზე დიდი “არქიმედეს ხრახნი” საქართველოში დავამონტაჟოთ. თან, ეს პროექტი პირდაპირ ბმაში იქნება დატაცენტრთან, რითაც ციფრული ჰაბი ენერგიის მდგრად წყაროს მიიღებს.

- გამოდის, რომ ჰესის და დატაცენტრის გაერთიანებით ერთგვარ ეკოსისტემას ქმნით — რა იქნება მისი სახელწოდება?

ძალიან სასიამოვნო შეკითხვაა, რადგან დატაცენტრს “ბილიკი” დავარქვით. ქართულად ბილიკის მნიშვნელობა გასაგებია, აზერბაიჯანულად კი ის “ცოდნას” ნიშნავს. გამოდის, რომ ციფრული ცოდნას და ციფრულ ბილიკს, ანუ გზას ვქმნით. აღნიშნული დატაცენტრი კავკასიაში ყველაზე დიდი იქნება, რომლის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატამდე განისაზღვრება. დატაცენტრი რამდენიმე ფაზად აშენდება — პირველი ფაზის დროს ის ჰესიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე იმუშავებს, მოგვიანებით კი ენერგოქსელში არსებულ ელექტროენერგიას გამოვიყენებთ და ენერგიის გენერაციის დამატებით წყაროებს შევქმნით, მათ შორის ჰესებს და მზის სადგურებს. ამ პროექტის არსი ციფრული ქართული ბიზნესებისთვის ჰაბის შექმნაა.

- მოგვიყევით პროექტის საინვესტიციო დეტალები და გვითხარით ორი სიტყვით პარტნიორებზე.

პირველი ორი ფაზის განმავლობაში, რაც ჰეს-ის მშენებლობას ითვალისწინებს, 72 მილიონი დოლარის ინვესტიციას გამოვყოფთ. ამ მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან და კომპანია “გრინ-ნეტთან” ვთანამშრომლობთ, რომელიც დატაცენტრის ოპერატორი გახდება. ვცდილობთ, მომხმარებლებს ისეთი რამ შევთავაზოთ, რაც საქართველოში და კავკასიაში ამ დრომდე არ გაკეთებულა. ჩვენი დატაცენტრით არ ისარგებლებს ერთი ან ორი კომპანია, პირიქით — გვექნება სერვისი ქლაუდისთვის, ხელოვნური ინტელექტისთვის, სატელეკომუნიკაციო ბიზნესისთვის და ფინტექ-კომპანიებისთვის. გამოდის, რომ მონაცემებთან დაკავშირებულ სერვისს ოთხი განსხვავებული ტიპის ბიზნესებს შევთავაზებთ. დატაცენტრი უმაღლეს დონეზე — ISO 27001 სერტიფიკატის ნორმებით იქნება დაცული, ხოლო თავად გარემო კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაფერისი იქნება, რაც რეგიონში ჯერ არ გაკეთებულა.

- ვინ არიან თქვენი სამიზნე კლიენტები ამ პროექტისთვის — Microsoft-ის და Oracle-ის მსგავსი მეგაკორპორაციები ხომ არა?

ბევრი ადამიანი AI-ის სუპერციკლზე საუბრობს. ტრილიონობით დოლარის ინვესტიცია ვნახეთ, რომელიც META-მ და Google-მა დაანონსეს…

- OpenAI-მაც…

კი, OpenAI-ის სახელწოდებაც ყველგან გვესმის… თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ და პირველ რიგში დავამტკიცოთ, რომ კავკასიის რეგიონში ასეთი რამ შეგვიძლია. ჩვენი პროექტის მიზანი სწორედ ესაა — დავანახვოთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია შევქმნათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლითაც კომპანიებს დავაინტერესებთ. ამის შემდეგი ნაბიჯია დავანახოთ Google-ის მსგავს კომპანიებს რომ შეუძლიათ საქართველოში ჩამოვიდნენ, ჩვენი კლიენტები გახდნენ და საქართველო ციფრულ ჰაბად აქციონ.


- ასე კი, საქართველო ტრანსფორმაციას შეძლებს. ბოლოს გკითხავთ — რას მიიღებს ამ ყველაფრით საქართველო? რას მიიღებს ჩვენი ქვეყანა ამ პროექტით?

პირველ რიგში ეს საგასახადო შემოსავლის და სამუშაო ადგილების ზრდაა. ციფრული ნომადებს და ციფრული ბიზნესის კეთებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საქართველოდან წასვლა აღარ მოუწევთ. განახლებადი ენერგიის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება, რაც საკმაოდ უხვად გაქვთ, საქართველოში დარჩება. საერთო ჯამში, მილიარდი დოლარის პირდაპირ ინვესტიციაზე არის საუბარი და ჩვენი პროექტი ამ ყველაფრის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი საწყისი იქნება. თუ Google-ი, META ან Oracle-ი დაგვიჯერებენ — და ვფიქრობთ, რომ დაგვიჯერებენ, რადგან მათ ნაწილს უკვე ველაპარაკებით — საქართველო ციფრული სერვისების ექსპორტიორი გახდება, ანუ ადამიანები საქართველოში არსებულ ქლაუდს გამოიყენებენ, რაც ქვეყნის პოტენციალს წარმოაჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები