წელს 10 თვეში საქართველომ 286 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების გაზი იყიდა. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 4%-ს შეადგენს.
აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 171.5 მლნ დოლარის გაზი, ხოლო რუსეთიდან 114.9 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით რუსეთიდან გაზის იმპორტი გაიზარდა, აზერბაიჯანიდან შემცირდა. ასე მაგალითად აზერბაიჯანიდან შესყიდვები თითქმის 6%-ით არის შემცირებული, რუსეთიდან კი 23%-ით გაზრდილი.
საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანის ორი წყარო არსებობს: აზერბაიჯანი და რუსეთი. ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს მილსადენები აკავშირებს, რომლითაც გაზს არა მხოლოდ იღებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში ატარებს კიდეც.
გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანიდან ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.
ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრი გაზს იღებს.




























