მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 4 მუნიციპალური ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს - განკარგულება

ფოთის ნაგავსაყრელი

საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც ქვეყანაში არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელების) მშენებლობასა და მოწყობას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, 2030 წლის 1 იანვრამდე ოთხი რეგიონული ნაგავსაყრელისა და მათთან დაკავშირებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების კომპლექსის შექმნაა დაგეგმილი.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით უნდა უზრუნველყოს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მშენებლობისა და მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

დოკუმენტის თანახმად, პროექტების განხორციელება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ დაევალება. კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით 2030 წლის 1 იანვრამდე უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ოთხი რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების კომპლექსების მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებები.

განკარგულებით განსაზღვრულია საპროექტო ზონირებაც. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა შემდეგ ზონებს მოემსახურება:

  • კახეთი;
  • შიდა ქართლი – მცხეთა-მთიანეთი;
  • იმერეთი – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის ვალდებულებაა, რეგიონული ობიექტების კომპლექსების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად შესაბამისი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მომსახურება შეისყიდოს. შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვის წესების გამოყენებით.

ამასთან, მთავრობის განკარგულება ითვალისწინებს, რომ რეგიონული ნაგავსაყრელების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნარჩენების დამუშავების ობიექტების მოწყობაც.

დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების მოპოვების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციებს გამართავს.

განკარგულებით ასევე განსაზღვრულია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შესაბამის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა ხელი უნდა შეუწყონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა იქნება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები