26-27 ოქტომბერს საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. მასშტაბური ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, წელს მეოთხედ იმართება. წლევანდელ ფორუმს, პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად დღეს გახსნის.
„წლევანდელი ფორუმი უმასპინძლებს 2000-ზე მეტ მონაწილეს 60-ზე მეტი ქვეყნიდან და სტუმრებს შორის იქნებიან პოლიტიკური და ბიზნესლიდერები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეები იმსჯელებენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ვაჭრობასა და დაკავშირებულობას როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ფორუმის განხილვის ძირითადი თემები იქნება: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის ახალი არქიტექტურა, შუა დერეფნის როლის გაზრდა, ციფრული დაკავშირებულობა, ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაცია, ტურიზმის მდგრადობა და დივერსიფიცირებული ინვესტიციები გამძლე მომავლისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის გახსნამდე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნის ცერემონიაში.