საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით კრიზისი ღრმავდება. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) განცხადებას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხი თავის მისწრაფებებში ევროკავშირს უყურებს, ევროკავშირის ლიდერებმა მათ უნდა აჩვენონ უფრო მეტი, ვიდრე მორალური მხარდაჭერა. HRW-ის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო საქართველოს ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასარიდებლად.
"გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნდა მივიდნენ კონსენსუსამდე, რათა გამოიყენონ ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეების ცემასა და ძალადობაზე. ევროკავშირმა, ასევე, უნდა განიხილოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების დაწესება", - წერს HRW.
ორგანიზაციის ცნობით, მართალია ევროკავშირი გმობს ხელისუფლების რეპრესიულ ქმედებებს, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა. მათივე განცხადებით, საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით საქართველოში არჩევნების შემდგომ ძალადობის შესახებ.
HRW-ის განცხადებაში აღწერილია პროევროპული აქციების დარბევის, მშვიდობიანი მომიტინგეების დევნისა და დაკავების ფაქტები.
"სპეცრაზმმა, ისევე როგორც ძალადობრივმა ბრბომ, რომელიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, სცემეს ოპოზიციურ მედიასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ერეოდნენ მედიის გაშუქებაში. აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე სხვადასხვა სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. ბევრმა განაცხადა ცემისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ პატიმრობის დროს. ათეულობით ადამიანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მიუხედავად შიდა და საერთაშორისო ზეწოლისა, მთავრობა აძლიერებს ძალადობრივ ზეწოლას", - აცხადებენ საერთშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში.