სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში არ არის შემუშავებული პერსპექტიულ სპორტსმენთა იდენტიფიცირების და ნიჭის განვითარების სტრატეგია, რომელიც შესაბამისი მახასიათებლების მქონე სპორტსმენის განვითარებას და შესაძლებლობების რეალიზებას უზრუნველყოფს.
მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნიჭის გამოვლენისა და განვითარების სისტემის შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სპორტის მდგრადი განვითარებისთვის. საქართველოში ნიჭიერ ბავშვთა იდენტიფიცირებას ახორციელებენ შესაბამისი სპორტული ფედერაციები, სამინისტროს ჩართულობა ამ მიმართულებით შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში ნიჭიერ ბავშვთა დაფინანსებით.
ამასთან, რიგ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტების მასშტაბით იკვეთება კალათბურთის და ფეხბურთის მიმართულებებით წრეების არარსებობის შემთხვევები, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით, ასევე იმ ფაქტით, რომ სამინისტროს მიერ არ იყო დამტკიცებული პრიორიტეტულ სპორტულ სახეობათა ნუსხა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის შეთავაზებულ სპორტულ წრეებში ჩართულობა დაბალია მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წრეებით სარგებლობა უფასოა, ხოლო ბავშვების რეგისტრაციისთვის ადმინისტრაციული ბარიერები არ ფიქსირდება. დაბალი ჩართულობა კი უმეტესად გამოწვეულია როგორც მშობლების ინფორმირებულობის ნაკლებობით, მუნიციპალიტეტების მიერ მოზარდებისთვის შეთავაზებული უფასო სპორტული წრეების შესახებ, ასევე რიგ შემთხვევაში − სპორტული წრეების ტერიტორიული სიშორით.
კიდევ ერთი საკითხი, რაც აუდიტმა შეაფასა მწვრთნელთა მომზადება-გადამზადებას ეხება. დასკვნის თანახმად, ფეხბურთის განვითარების ფონდის ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში შემოიფარგლება მხოლოდ დაფინანსების ნაწილში მონაწილეობის მიღებით. ფონდი არ ფლობს ინფორმაციას პროგრამების ფარგლებში მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ. ამასთანავე, არ არის დანერგილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უკუკავშირის მიღებას დაფინანსებული აპლიკანტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დაფიქსირებული შედეგების შესახებ.
ამას გარდა, კალათბურთის მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში არ არის გაწერილი პროგრამის მიზნები და სასწავლო კურსი, რაც პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ასევე პროგრამა არ ფარავს A კატეგორიის ლიცენზიას. სასწავლო კურსის შინაარსი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკით აპრობირებულ კომპონენტებს, ხოლო სალიცენზიო ტესტები სასწავლო მასალაში მოცემული ტესტების იდენტურია, რაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მონაწილეების ცოდნის რეალურ შეფასებას.