კარტოფილის ექსპორტის ოფიციალური სტატისტიკა მესამე წელია მზარდია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან კარტოფილის ექსპორტი 26-ჯერ გაიზარდა და 7,8 მლნ აშშ დოლარის 26,865 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კარტოფილის ექსპორტი 303 220 დოლარის 931 ტონა იყო. 2023 წელს კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი - 95 480 აშშ დოლარის 795 ტონა იყო.
საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის კარტოფილის ექსპორტის სტატისტიკა სინამდვილეში დამახინჯებულია.
„ეს არ არის სრულად ადგილობრივი ექსპორტი. შემოაქვთ თურქეთიდან კარტოფილი, ხდება მისი განბაჟება და მერე გადის ისე, როგორც ექსპორტი. ამით სტატისტიკა მახინჯდება. ამას აკეთებენ ფინანსური ინტერესის გამო, რომელსაც ჰქვია კორუფცია. ეს ვერ გაკეთდება საჯარო სექტორის გარეშე, რომელსაც ევალება შესაბამისი სერტიფიცირება, დოკუმენტაციის შემოწმება და ა.შ.
კარტოფილის მოსავლიანობის საქართველოდან მართლაც გაიზარდა. ეს ევროპიდან ჩამოტანილი ისეთი სათესლე მასალის შემოტანამ განაპირობა, რომელიც მოსავლიანობასაც ზრდის და ხარისხსაც. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ვითომ ექსპორტი“, - განუცხადა bm.ge-ის ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
მისივე თქმით, რეალურად, საქართველოში არ იწარმოება იმ რაოდენობის კარტოფილი, რა მოცულობის ექსპორტის სტატისტიკაც ფიქსირდება. „არის გარკვეული რაოდენობა, თუმცა ამდენი ფიზიკურად ვერ იქნება“, - დასძინა მან.
საქსტატის სოფლის მეურნეობის მაჩვენებლების სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 197 300 ტონა კარტოფილი აწარმოეს. 2024 წლის სტატისტიკა ჯერ არ არის გამოქვეყნებული. 2025 წელს კი კარტოფილის მოსავლის აღება, ბუნებრივია, ჯერ დაწყებულიც არ არის. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული კარტოფილი, წესით, 2024 წელს მოყვანილი კარტოფილის მარაგებიდან უნდა იყოს ან კიდევ, იმპორტირებულიდან. თუმცა, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში კარტოფილის იმპორტი შემცირებულია.
კერძოდ, წელს, იანვარ-თებერვალში, იმპორტირებულია 402 670 აშშ დოლარის 1 229 ტონა კარტოფილი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 469 320 აშშ დოლარის 1 719 ტონა კარტოფილი შემოვიდა. უფრო მეტიც, კარტოფილის იმპორტის ოფიციალური სტატისტიკა შემცირებულია წლიურად 2024 წელსაც. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 2,4 მლნ აშშ დოლარის 6 500 ტონამდე კარტოფილი შემოვიდა, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი - 7,7 მლნ აშშ დოლარის 23 210 ტონა იყო.




























