სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 10 მაისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 64 უკვე გაიხსნა. უწყების ინფორმაციით, რეგიონულ ცენტრებში აგრარული ბაზრები უკვე ფუნქციონირებენ.
"ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა. საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესების და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. აგრეთვე , სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარაში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს,"- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.