მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავეჯის წარმოება გაიზარდა - სექტორი რამდენიმე მიზეზს ასახელებს

63bd7478b5dec
ლიკა მეგუთნიშვილი
10.01.23 18:26
861
საქართველოში ავეჯის წარმოება იზრდება. “გალტ ენდ თაგარტის” მონაცემებით, 2017-21 წლებში, ავეჯის სექტორში ადგილობრივი წარმოების წილი 22.1%-დან 27.0%-მდე გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ავეჯის წარმოების გაზრდას ადგილობრივი მწარმოებლებიც ადასტურებენ.

ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია Homemade-ის გენერალური დირექტორი, ზუკა ბადრიძე BMG-სთან განმარტავს, რომ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ წარმოება 20%-ით გაზარდა, ხუთწლიან ჭრილში კი ზრდა 60%-ს შეადგენს.

“ბოლო წლების განმავლობაში წარმოება საგრძნობლად გავზარდეთ. 14 წლის წინ, როდესაც ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ, მხოლოდ გარე ავეჯს ვაწარმოებდით, ახლა კი ჩვენთან იმ ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი, რაც როგორც სახლისთვის, ისე სასტუმროსთვისაა საჭირო, მაგალითად: რბილი ავეჯი, სამზარეულო, აქსესუარები და სხვა. გარდა ამისა, ჩვენთან სასურველი ზომის, ფორმისა თუ ფერის ავეჯის შეკვეთაცაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი, მომხმარებლისთვის კომფორტულია, რაც მათი მხრიდან მოთხოვნის ზრდაზეც მეტყველებს. გაზრდილი მოთხოვნა კი, ჩვენი წარმოების ზრდას განაპირობებს. 2022 წელს პროდუქციის წარმოება დაახლოებით 20%-ით გავზარდეთ და ეს დინამიკა წელსაც გაგრძელდება“ , - აცხადებს ზუკა ბადრიძე.

კიდევ ერთი ქართული ავეჯის კომპანია, რომელმაც გასულ წელს პროდუქციის წარმოება გაზარდა, „შნოა“. როგორც მისი დამფუძნებელი, გივი ნიორაძე BMG-სთან განმარტავს, 2022 წელს წარმოების ზრდის მთავარი მიზეზი ჩინეთიდან ავეჯის ექსპორტის გართულება და გაძვირება იყო, რამაც ქართული ბაზარი მეტად კონკურენტუნარიანი გახადა და ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა გაზარდა.

„2021 წელი საკმაოდ დიდი ჩავარდნის წელი იყო, არც 2020 იყო კარგი. ხოლო, 2022 წელს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა და პროდუქციის წარმოება 30%-მდე გავზარდეთ. რაც როგორც შიდა, ისე საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული. ჩინეთიდან პროდუქციის შემოტანა გაძვირდა, ვგულისხმობ ტრანსპორტირების ფასის ზრდას. სწორედ ამიტომ, ფასის გამო გარკვეული პროდუქცია ჩვენთან ვეღარ შემოდის, ადგილობრივი მწარმოებლები კი მეტად კონკურენტუნარიანები გავხდით“, - აცხადებს გივი ნიორაძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც კომპანია „შნოს“ დამფუძნებელი ადგილობრივ წარმოებულ ავეჯზე მოთხოვნის გაზრდას ხსნის, რუსეთის-უკრაინის ომი და ქვეყანაში მიგრანტების მასობრივი შემოდინებაა. როგორც გივი ნიორაძე აღნიშნავს, 2022 წელს მიგრანტების წილი „შნოს“ ავეჯის გაყიდვებში 10%-მდე გაიზარდა. „საქართველოში ჩამოსული მიგრანტები, იქნებიან  რუსები, უკრაინელები თუ ბელორუსები, აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივ ბიზნესში, გახსნეს სასტუმროები და რესტორნები, სადაც, რასაკვირველია, ავეჯიც სჭირდებათ. მათი მხრიდან ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია“, - აღნიშნა „შნოს“ დამფუძნებელმა, გივი ნიორაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები