2021 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 1.241 მლრდ დოლარი იყო. „საქსტატის“ მონაცემებით, FDI-ის დაზუსტებული მაჩვენებლები წინასწარ მონაცემებთან შედარებით 7.7%-ით მეტია, პანდემიური 2020 წლის მონაცემს კი 2.1-ჯერ აღემატება.
„საქსტატის“ განმარტებით, დაზუსტებულ მაჩვენებლებში ზრდა რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტებამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ მკვეთრად არის გაზრდილი რეინვესტირების წილი. ჯამურ ინვესტიციებში რეინვესტირების მაჩვენებელი 769.9 მლნ დოლარი, ანუ მთლიანი პორტფელის 62%-ია. თუ პანდემიურ წელს არ ჩავთვლით, ეს რეინვესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, 2025 წელს რეინვესტირების წილი მხოლოდ 9.1% იყო, 2016 წელს კი, 18.8%. ეს მაჩვენებლები ერთი მხრივ, ქვეყანაში ახალი ინვესტორების ნაკლებად შემოსვლაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი, არსებული ინვესტორების მიერ მიღებული შემოსავლების ქვეყანაში დატოვებას უჩვენებს.
ინვესტორი ქვეყნების ათეულში დიდი ბრიტანეთი ლიდერობს, რომელზეც მთლიანი ინვესტიციების 48.6% მოდის. სამეულშია ნიდერლანდები (11.1%) და თურქეთი (8.1%)
ინვესტორი ქვეყნები და ინვესტიციები:
• გაერთიანებული სამეფო - 603.6 მლნ დოლარი
• ნიდერლანდები - 138.3 მლნ დოლარი
• თურქეთი - 100 მლნ დოლარი
• ჩეხეთი - 80.8 მლნ დოლარი
• რუსეთი - 75.5 მლნ დოლარი
• გერმანია - 36.2 მლნ დოლარი
• ლუქსემბურიგი - 34.9 მლნ დოლარი
• სეიშელები - 29.9 მლნ დოლარი
• საამიროები - 28.3 მლნ დოლარი
• სხვა ქვეყნები - 114.3 მლნ დოლარი
რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მიმზიდველი კვლავ საფინანსო სექტორია, სადაც ჯამური ინვესტიციების 37.5%-ია ჩადებული.
FDI ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს:
• საფინანსო სექტორი - 465.3 მლნ დოლარი
• ენერგეტიკა - 185.9 მლნ დოლარი
• მრეწველობა - 133.3 მლნ დოლარი
• უძრავი ქონება - 110.3 მლნ დოლარი
• სოფლის მეურნეობა - 1.9 მლნ დოლარი
• ჯანდაცვა - 26.8 მლნ დოლარი.