ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) კლება გაგრძელდება.
საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია.
როგორც გიორგი პაპავამ BMG-სთან I კვარტალის შედეგების შეფასებისას განაცხადა, დასაფიქრებელია, რომ საფინანსო სექტორში უარყოფითი FDI იყო, მაშინ, როდესაც გასულ წლებში სწორედ ეს სექტორი ლიდერობდა. ეკონომისტის შეფასებით, არსებული არასტაბილურობისა და საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების კლების ფონზე, სავარაუდოა, რომ მეორე კვარტალში საფინანსო სექტორში კიდევ უფრო ნეგატიური შედეგი იქნება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საფინანსო სექტორში, პირველ კვარტალში, უარყოფითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე ვლაპარაკობთ, საფინანსო სექტორი არის ხოლმე ერთ-ერთი წამყვანი. მათ შორის, მაგალითად შარშან 1.6 მილიარდი დოლარიდან 630 მილიონი მოდიოდა საფინანსო სექტორზე და ლიდერი იყო, იმის წინაც - 537 მილიონით, 2021 წელს - 470 მილიონით. ახლა გვაქვს მინუს ნიშანი, რაც გარკვეულწილად დასაფიქრებელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მეორე კვარტალში იყო [ბანკების] აქციების ფასთან დაკავშირებული მერყეობები, რამაც შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ ეს კიდევ უფრო უარყოფითისკენ იყოს დაძრული მეორე კვარტალში. ის მოვლენები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს საფინანსო სექტორზე ალბათ ყველაზე უფრო პირდაპირ აისახება. სხვა სექტორებში, თითქმის ყველგან, მცირედით დადებითი მაჩვენებლებია. თავად ის, რომ ინვესტიციების დინამიკა კლებადია, მეოთხე კვარტალშიც ჩანდა. გასული წლის მესამე კვარტალიდან მოყოლებული ვხედავთ, რომ 2022 წლის შედარებით მაღალი მაჩვენებლები აღარ მეორდება“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
რაც შეეხება FDI-სთან დაკავშირებულ მოლოდინებს, გიორგი პაპავა აღნიშნავს, რომ დასავლელ პარტნიორებთან ღია დაპირისპირება ინვესტიციებზე მალევე აისახება და შესაბამისად, ელის, რომ 2024 წელი ინვესტიციების კონტექსტში რთული იქნება.
„დიდი ხანია ვხედავთ, რომ ახალი კაპიტალის ნაწილში ზრდა არაა. 2022 წელსაც ზრდის წყარო ძირითადად იყო რეინვესტიციები. ახლაც, I კვარტალში დაახლოებით 40% რეინვესტიციებია. იმის გათვალისწინებით, რაც I კვარტალის შემდეგ მოხდა, რომ შევედით ღია დაპირისპირებაში დასავლელ პარტნიორებთან, პოლიტიკურ მომავალთან ერთად, პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. ეს კითხვის ნიშნები მალევე აისახება ხოლმე ინვესტიციებზე. ძალიან რთულია, II კვარტალში რაიმე პოზიტიურის მოლოდინი გვქონდეს. საქართველოს ინვესტიციები მოცულობით არაა დიდი და ამიტომ, კონკრეტულმა ტრანზაქციამ კონკრეტულ პერიოდში შესაძლოა მოგვაჩვენოს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი პოზიტიური ხდება ან პირიქით, მაგრამ დიდ სურათში, მეორე, მესამე კვარტალი საკმაოდ რთული პერიოდი იქნება. მეოთხე კვარტალი უკვე არჩევნების შემდეგი პერიოდია და იქაც ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, ამიტომ ძალიან რთული 2024 წელი გველოდება ინვესტიციების კონტექსტში. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ინსტიტუციური განვითარება, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა. როგორც კი კითხვის ნიშნები ჩნდება ამ მიმართულებით ქვეყანაში, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის მიმართ ინტერესმა არ დაიკლოს“, - აცხადებს გიორგი პაპავა.