მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში ბიოპროდუქტის წარმოება რთულია” - მეწარმე მიზეზებზე

649b00776e294
ნანუკა ნარიმანიძე
28.06.23 10:57
1004
ბიოპროდუქტების მწარმოებელი “ბოსტანის” დამფუძნებელმა ბექა ბარჯაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ბიოპროდუქტის წარმოება ძალიან რთულია. ამის შესახებ მან “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრა.

“სამწუხაროდ, საქართველოში ბიო სასათბურე მეურნეობა პირველია და ეს ტექნიკა ქვეყნის სავიზიტო ბარათია, რადგან ბიოპროდუქციის წარმოება ძალიან რთულია, საქართველოში არ იყიდება ბიო სათესლე მასალა, ბიო პროდუქციის მოყვანა ძალიან რთულია, წინასწარი პროგნოზის გაკეთება ვერ ხერხდება, მაგალითად: თუ გაჩნდა სათბურში მავნებელი მწერი, მაინც ველოდები მოსავლის მოსვლას, თუ მოსავალი მოვიდა, ის იკრიფება და რეალიზდება, თუ მწერის გამო მოსავალი ვერ მოვიდა, სათბური უქმდება და მოსავალს ვერ ვიღებთ”, - განმარტავს ბექა ბარჯაძე.

"ბოსტანის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიოწარმოების პოპულარიზაცია აუცილებელია.

“საქართველოში ბიომეწარმეობის კუთხით განათლება ძალიან დაბალია. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და მოხდეს ბიოპროდუქტის წარმოების პოპულარიზაცია”, - დასძინა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბიობოსტანის დამფუძნებელი აქცენტს აკეთებს, ბიოსერტიფიცირების შენარჩუნება და მასთან დაკავშირებულ ხარჯებია.

“ბიოსერტიფიკატი ყოველ წელს უნდა განახლდეს, ამასთან, ის დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. ჩვენი სასათბურე მეურნეობა 1300 კვადრატის ფართობის არის, რაც დიდი მასშტაბის არაა. შესაბამისად, წლის განმავლობაში სერტიფიცირება 1 500 ლარამდე გვიჯდება, თუმცა ტარიფი განსხვავებულია სათბურის მასშტაბის მიხედვით. ამ მხრივ ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას”, - ამბობს ის.

ცნობისთვის: საქართველოში სასათბურე მეურნეობა "ბოსტანმა" წარმოების 3 წლის თავზე ბიოსერტიფიკატი ოფიციალურად მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია 100%-ით ნატურალური და უსაფრთხოა. რაც შეეხება მასერტიფიცირებელ ორგანოს, CAUCASCERT-ია. ის აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ცენტრის (DakkS) მიერ და შესულია ევროკომისიის მესამე ქვეყნების ბიოსერტიფიცირების ეკვივალენტური კომპანიების სიაში. შპს „კავკასსერტი“ გასცემს ბიოსერტიფიკატს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები