მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ძნელია“ - რა პრობლემები შეექმნა გიორგი ნათენაძეს?

63f2093076a43
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.23 16:07
10147
მესხური ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნათენაძის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში ბიზნესის კეთების სირთულეებზე საუბრობს.

როგორც პოსტიდან ირკვევა მის ერთ-ერთ პროექტში პარტნიორები წლების განმავლობაში მას საქმეს აკეთებინებდნენ, ახლა კი ეუბნებიან, რომ ამ ბიზნესში მისი ადგილი არ არის. BM.GE გიორგი ნათენაძეს დეტალებში გასარკვევად დაუკავშირდა, თუმცა მეღვინე და ბიზნესმენი ამ ეტაპზე პარტნიორებს და იმ ბიზნესს, რომელსაც საქმე ეხება, დამატებით საუბარზე თავს იკავებს. BM.GE მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ჯერ ყველაფერს არ დავწერ, ამის დროც მოვა და ყველაფერს აეხდება ფარდა. ერთი კი ნამდვილად ვიცი, არასწორად ნაშოვნი ფული ან ქონება არასდროს არ შეერგება არავის.

საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ძნელია. მითუმეტეს პარტნიორად თუ 90-იანებში გამდიდრებული "ბიზნესმენი" მოგევლინა და შენ ამ დროს ენთუზიაზმით და საქმის სიყვარულით დღე და ღამეს ათენებ, წვალობ, გულს და სულს დებ საქმეში, გიყვარს შენი საქმე მისი ყველა დეტალით, თან ყველაფერს შენი ხელით გაკეთებინებენ და ბოლოს გეუბნებიან რომ შენ იქ აღარაფერი გესაქმება და ყველაფერი დამთავრდა.

რაის სიტყვიერი შეთანხმება, რაის კაცობა, რაის ხელის ჩამორთმევა.. ყველაფერი ფუჭია მათ თვალში. საინტერესოა ცხოვრებაში რა პრინციპები ამოძრავებთ და რისთვის ცხოვრობენ. სუფრაზე კი არიან ქართველი ვაჟკაცები, სამშობლოს გაერთიანება და უკეთესი საქართველო რომ უნდათ.

მინდა ახალგაზრდებს მოვუწოდო ვინც ახალ საქმიანობას იწყებს, ვისაც თავის საქმე უყვარს და პარტნიორს ეძებს, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, კარგად გაიკითხეთ მისი ისტორია, გააფორმეთ ძლიერი ხელშეკრულება იურისტების დახმარებით, ტყუილად ხალხი არაფერს არ ამბობს და არაფერს არ იგონებს. ნურავის დაუთმობთ თქვენს ნაწვალებს და თქვენს დახარჯულ დროს !!!

დრო მოვა და ყველაფერი გაირკვევა, ჯერ არ მეჩქარება, მაშინ გამოაშკარავდება ყველაფერი როცა არ ელოდებიან. ვიცი ახლაც ამ მესიჯს კითხულობენ და გული უჩქარდებათ...

არ გინდათ კომენტარებში მოთაგოთ ის ხალხი, ვინც ამოიცანით, თვითონაც კარგად ხვდებიან ყველაფერს.

ის რაც არ გეკუთვნის, შენი არაა, რომც ძალიან გინდოდეს. სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი მეგობრებო”, - წერს გიორგი ნათენაძე.

ცნობისთვის: ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს ვარძიის ტერასები, სადაც გიორგი ნათენაძე კომპანიის 7%-იანი წილის მფლობელია 2014 წელსაა დაფუძნებული და მისი მეწილეები მამუკა ხაზარაძე (46.5%) და ბადრი ჯაფარიძე (46.5%) არიან.

კომპანია „ვარძიის ტერასებმა“ მესხურ ტერასებზე უძველესი ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი 2016 წელს დაიწყო, ხოლო ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული მესხური ჯიშების პირველი მოსავალი 2018 წელს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები