მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ პრეპარატი "ტოცილიზუმაბი" გამოიყენეს

5e9237f5ce1dc
BM.GE
12.04.20 00:16
17248
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ პრეპარატ Tocilizumab-ის გამოყენებამ დადებითი შედეგები აჩვენა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, აღნიშნული პრეპარატის გამოყენება მძიმედ მიმდინარე ავადობის დროს განიხილება.

თავად Tocilizumab-ი ართრიტის საწინააღმდეგო პრეპარატია, ამჟამად COVID-19-თან მიმართებით მისი ეფექტიანობის საერთაშორისო ტესტირება მიმდინარეობს, რომელშიც ჯამში 330 პაციენტის ჩართვა იგეგმება

„მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემია Tocilizumab (Actemra), რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. ციტოკინურ შტორმზე, რომელიც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს COVID-19-ის პათოგენეზში და ამ გზით გააუმჯობესოს დაავადების გამოსავალი.

2020 წლის 26 მარტს აშშ სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ გასცა რეკომენდაცია „ტოცილიზუმაბის“ COVID-19-ით პაციენტებში კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაზე,"- საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

ამასთანავე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, რომ Tocilizumab-ის გამოყენება 41 წლის პაციენტზე მოხდა. 

"ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში 25 მარტს შემოვიდა პაციენტი 41 წლის ქალი, COVID-19-ის დიაგნოზით, პაციენტი მანამდე ბინაზე მკურნალობდა სამი დღის განმავლობაში. შემოსვლისას მისი მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციის ბლოკში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების თაობაზე.

პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა პრეპარატის ორჯერადი გადასხმა 12-საათიანი ინტერვალით, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მოკლე დროში შესაძლებელი იქნება მისი კლინიკიდან ბინაზე გაწერა

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ „ტოცილიზუმაბი“ შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით,"– აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები