პანდემიის პერიოდში COVID-19-ით 117 ჯანდაცვის მუშაკი გარდაიცვალა, - ამის შესახებ აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას წარმოადგენს.
„პანდემიის პერიოდში COVID-19-ით განპირობებული ჯანდაცვის მუშაკთა სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობა იყო 117, რაც 0.3%-ს შეადგენს სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან“, - წერია კვლევაში.
კვლევის თანახმად, 2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 6.4%-ს შეადგენს. მათ შორის არიან ექიმები, ექთნები და დამხმარე პერსონალი, როგორც კლინიკებში, ისე კოვიდ-სასტუმროებში.
დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკების წილი მთლიანი ჯანდაცვის პერსონალის ჯამური რაოდენობის 39.9%-ს შეადგენს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა შორის 82% იყო ქალი, 18% - კაცი. ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში.
კვლევა მოიცავს პერიოდს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.




























