ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო ლოპეზ ისტურიზის შეფასებით, საქართველოში დემოკრატია დაღმასვლას განიცდის, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 26 წლის არჩევნებზე დაკვირვებისას დააფიქსირა.
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სადამკვირვებლო მისია არჩევნებს თბილისში, მცხეთაში, გორში, ლაგოდეხში, მარნეულში, ბოლნისში აკვირდებოდა, რა დროსაც საარჩევნო პროცესში ძალიან ბევრი გამოწვევა გამოიკვეთა.
„ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არჩევნები პროპორციული სისტემით ელექტრონული წესით ჩატარდა. ეს გამოწვევა იყო როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე კომისიის წევრებისთვის. ჩვენთვის გასაოცარი იყო, რომ დავინახეთ კამერები უბნებზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამჟამინდელი კანონმდებლობით. ჩვენმა, ევროპარლამენტარების გუნდმა, ასევე დაინახა და შეამჩნია დაძაბულობა და ქაოსი. ერთ შემთხვევაში, ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. ასევე, იყო დარღვევები, გაიყვანეს დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები და ასევე გადახიეს დამკვირვებლების საჩივრები. ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე მის გარეთ. ასევე იყო ზეწოლა მოქალაქე დამკვირვებლებზე და ხმის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიის მიმართ, ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ, რომ საქართველოში დემოკრატია დაღმასვლას განიცდის და სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ. იყო ასევე მტრული დამოკიდებულება, დაშინება და კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში.
მნიშვნელოვანია ის, რომ დარღვევების შესახებ შეტყობინებები იქნეს გამოძიებული და სათანადო რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა, რომელმაც ხელისუფლებას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის აკრძალვა მიუღებელია.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რაც გამოხატა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ. გუშინ ქართველებმა მისცეს ხმა პარტიებსა და კოალიციებს. ეს არის ფუნდამენტური უფლება. დემოკრატიისთვის ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მიუღებელია. ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა.
ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან საარჩევნო პროცესი და წინასაარჩევნო პროცესი ფართოდ მიმოიხილა და აღნიშნა, რომ თუ ადრე საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით „ჩემპიონი“ იყო, დღეს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რაც ხელისუფლების მხრიდან არაერთი ანტიდემოკრატიული კანონის მიღებამ განაპირობა.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭეს იმ გაგებით, რომ ის დაკმაყოფილებდა და შეასრულებდა პირობებს და ნაბიჯებს გადადგამდა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ნოებერში იქნა გაცემული. ეს ისტორიული შესაძლებლობა იყო, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე საპირისპირო შედეგის მომტანი კანონი მიიღო, რასაც უარყოფითი შედეგები მოაქვს ევროპული მისწრაფებებისთვის. ერთ-ერთი კანონი არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რამაც მასობრივი პროტესტები და პარტნიორების მხრიდან ამ კანონის გაწვევის მოწოდება გამოიწვია, რომელიც რეალურად ეწინააღმდეგება ევროპის ნორმებსა და ფასეულობებს. ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში მიღების პროცესი შეჩერდა, გაიყინა. ეს ძალიან უარყოფითი ზეგავლენის მქონე მოვლენაა, რა მხრივაც ადრე საქართველო ნამდვილად ჩემპიონი იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.
საარჩევნო კამპანიაში მმართველმა პარტიამ გამოიყენა ანტიდასავლური და მტრული რიტორიკა, რომელიც თავს ესხმოდა დემოკრატიულ პარტნიორებს საქართველოში - ევროკავშირს და მის პოლიტიკოსებს. ისინი უფრო მხარს უჭერდნენ კონსპირაციულ თეორიებსა და რუსეთის მანიპულაციებს. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ თითქოს ისინი კვლავ აგრძელებენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით.
არჩევნებამდე ერთ წლით უფრო ნაკლები დროით ადრე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მიიღეს, რამაც შეცვალა „საარჩევნო კოდექსი“ და გაუქმდა ქალთა კვოტირება საპარლამენტო სიებში და ასევე, შეიცვალა ცესკოს კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტების წესი.
ჩვენ გვესმოდა ძალადობის, დაშინების, სიძულვილის ენის შემთხვევების შესახებ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. მმართველმა პარტიამ სცადა, რომ სამართლებრივი გზებით აეკრძალა ოპოზიციური პარტიები. ქართველი ხალხის წინაშე მმართველი გუნდის მხრიდან არჩევანი წარმოსახული იყო როგორც ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის გაკეთება, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს იყო არჩევანი საქართველოს გეოპოლიტიკასა და მის მომავალთან დაკავშირებით. იყო ნიშნები იმის, რომ თითქოს ეცდებოდნენ არჩევნებით მანიპულირებას, ასევე იყო ინფორმაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, რომ მიეღოთ მონაწილეობა კამპანიის ღონისძიებებში. ჩვენ სხვადასხვა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდა დოკუმენტების კონფისკაცია. უნდა აღინიშნოს ახლად ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც კამპანიის განმავლობაში პოლიტიკური მიზნებისთვის იყო ინსტრუმენტალიზებული. ყველა ეს ძალისხმევა და ნაბიჯი ქმნის მთლიან სურათს, რომ ეს ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი და მთლიანი ორკესტრირებული სქემა არსებობდა“, - განაცხადა ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა.