მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ძარცვისა და თაღლითობის რისკებთან დაკავშირებით ქვრივიშვილი განმარტებას აკეთებს

62971215622ec
მარიამ ადამია
01.06.22 23:35
1467
საუდის არაბეთის საელჩომ არაერთხელ გაავრცელა გაფრთხილება, რომელიც საქართველოში ძარცვისა და თაღლითობაში გახვევის რისკებს უკავშირდებოდა. საელჩომ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის არაერთი მოქალაქე გამხდარა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე და ბათუმში, ევროპის მოედანზე თაღლითობის მსხვერპლი.

ამის შესახებ BMG-იმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს კითხვით მიმართა, თუ არის სამინისტრო საქმის კურსში და როგორია მათი მხრიდან რეაგირება?

როგორც ქვრივიშვილი განმარტავს, საქართველოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნების კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ღირსეული ადგილი უჭირავს ამ მიმართულებით.

“საპასუხოდ გეტყვით, რომ საქართველოს საუდის არაბეთში კარგი ცნობადობა აქვს და ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა მათი მოქალაქეებისთვის. სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ეროვნულ ავიაგადამზიდავთან Flyadeal-თან, რომელმაც საქართველოში ოპერირება ზუსტად სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ პოზიციონირდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. გარდა ამისა, მომდევნო კვირას ჩვენ მივემგზავრებით საუდის არაბეთში, სადაც გვექნება საინტერესო ვიზიტი მათ შორის შევხვდებით კერძო სექტორს და ასევე სხვა მნიშვნელოვან უწყებებს სამთავრობო დონზე,” - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რისკების შესამცირებლად საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს: თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში უცნობ ადამიანებთან კონტაქტისგან, მოერიდონ ქუჩაში ძვირად ღირებული ნივთებითა და სამკაულებით გასვლას და თან არ ატარონ დიდი მოცულობის ნაღდი ფული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები