კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა - სად ვყიდულობთ?
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 4 056 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 2.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, ელექტრომობილების იმპორტის ღირებულებამ 78.7 მლნ დოლარი შეადგინა.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი წელს 19.4 ათასი დოლარია, რაც ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე - 27.4 ათას დოლარზე. იმპორტის გაიაფება გლობალური ტენდენციით შეიძლება აიხსნას, ვინაიდან წელს ელექტრო ავტომობილების მეორად ბაზარზე ფასები დაეცა.
რაც შეეხება ძირითად საიმპორტო ბაზრებს, საქართველომ ელექტრომობილები შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:
- აშშ - 2 347 ავტომობილი, $39.8 მლნ;
- იაპონია - 720 ავტომობილი, $4.8 მლნ;
- ჩინეთი - 675 ავტომობილი, $17.5 მლნ;
- გერმანია - 132 ავტომობილი, $8.6 მლნ;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 37 ავტომობილი, $962.6 ათასი;
- კორეის რესპუბლიკა - 31 ავტომობილი, $881.6 ათასი;
- ბელგია - 30 ავტომობილი, $1.4 მლნ;
- შვედეთი - 21 ავტომობილი, $992.5 ათასი;
- კანადა - 12 ავტომობილი, $568.9 ათასი;
მცირე რაოდენობით ელექტრომობილები შემოვიდა ყაზახეთიდან (8 ავტომობილი), უკრაინიდან (8 ავტომობილი), ნიდერლანდებიდან (8 ავტომობილი), სომხეთიდან (5 ავტომობილი) და ა.შ.
რაც შეეხება იმპორტიორ კომპანიებს, ელექტრომობილების ძირითადი შემომყვანების სია BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა. იანვარ-სექტემბერში ტოპ-5 იმპორტიორი შემდეგი იყო (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
- შპს ავტო გალერი
- შპს ევოტეკ ჯორჯია
- შპს ვოლტ ენერჯი
- შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
- შპს კავკასიის ავტოიმპორტი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
Bentley Motors-მა ევროპის ბაზრის გაფართოება საქართველოში Bentley Tbilisi-ს გახსნით დაიწყო. შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში, 129 ნომერში მდებარეობს. Bentley-ს ახალი კომპლექსი 330 კვ.მ-ზე განთავსებულ შოურუმსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების ობიექტს აერთიანებს. ახალი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის 2024 წლის პირველ ექვს თვეში მიღწეულ საოპერაციო მოგებას უკავშირდება, რომელმაც 261 მილიონი ევრო შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით კომპანიამ 5,476 ერთეული ექსკლუზიური ავტომობილი გაყიდა, ხოლო ევროპაში 1,054-ის რეალიზება შეძლო, რაც საერთო გაყიდვების 19%-ს შეადგენს.
Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ გაუწევს. „თეგეტას“ მიერ Bentley Tbilisi-ს ოპერირების დაწყება კომპანიის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს ემთხვევა. კერძოდ, ულტრა შესაძლებლობების მქონე ორი ჰიბრიდული მოდელის - მეოთხე თაობის Continental GT-ს და Flying Spur Speed-ის წარდგენას, ასევე Mulliner-ის პერსონალიზაციაზე მოთხოვნის ზრდას.
Volvo EX90-ის მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა 2024 წლის საუკეთესო გამოგონებად აღიარეს
ჟურნალმა TIME-მა საუკეთესო გამოგონებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დარგში ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ გამოგონებებს აერთიანებს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. 2024 წლის სიაში ნომინაცია „ავტომობილში“ Volvo EX90 SUV-ში მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემამ გაიმარჯვა.
მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში ნოვატორული, უსაფრთხოების სრულიად ახალი ფუნქციაა, რომელიც სენსორული ანალიზის ტექნოლოგიით რეალურ დროში ადგენს - გაუარესდა თუ არა მძღოლის მდგომარეობა, არის თუ არა მძღოლი დაღლილი, ან გაეფანტა თუ არა მას ყურადღება. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ ავტომანქანამ საჭიროებისამებრ აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება.
ზოგიერთ შემთხვევაში EX90 მძღოლს თავიდან მსუბუქი ბიძგით გააფრთხილებს, რასაც მოჰყვება უფრო აქტიური შეტყობინებები, თუ საწყის ბიძგს არ ექნება სასურველი შედეგი. გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში - მაგალითად, თუ მძღოლს ჩაეძინა, EX90-ს შეუძლია უსაფრთხოდ გააჩეროს მანქანა და ავარიული შუქების საშუალებით გააფრთხილოს გზით სხვა მოსარგებლეები.
მძღოლების მდგომარეობის გაგების სისტემა Volvo-ს ახალი, სრულად ელექტრული EX90-ის სტანდარტული კომპლექტაციის ნაწილია.
911 Dakar-ს წარმოება სარბოლო ავტომობილით სრულდება
Porsche მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის, 911 Dakar-ის წარმოებას წყვეტს. Dakar-ის ხაზის ბოლო ავტომობილი, სპეციალური გამოშვების, რბოლით ინსპირირებული მოდელი იქნება. საწარმოო ხაზის უკანასკნელი 911 Dakar - ი, 1984 წლის პარიზ-დაკარის რალის გამარჯვებული 911-ის პატივსაცემად შეიქმნა. ამ ავტომობილს, თავის დროზე, რენე მეტგე და დომინიკ დემოინი მართავდნენ. ამ მოდელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტი ექსტერიერი და ის საღებავია, რომელიც Rothmans-ის ავტომობილითაა შთაგონებული.
დიზაინერებმა მოდელისთვის Signal Yellow-ისა და Gentian Blue Metallic-ის ფერების კომბინაცია აირჩიეს. ავტომობილის საბურავებიც იმავე ფერშია შეღებილი. Porsche-ს ინფორმაციით, მანქანის ძარა სრულად ხელითაა მოხატული. 911-ის სალონის უმეტესი ნაწილი შავი ტყავით და ალკანტარათია დამზადებული, შედარებით ნათელი ფერებით აქცენტი გაკეთებულია საჭეზე, კარის პანელსა და მონაცემთა დაფაზე.
გერმანულ ავტომწარმოებელს ახალი 911-ის ფასი არ გაუმჟღავნებია. თუმცა სავარაუდoდ, ეს სპეციალური გამოშვების მოდელი, სტანდარტულზე ($220 000) ძვირი უნდა ღირდეს. ამჟამად, ავტომობილის ხილვა ნებისმიერ მსურველს ბრენდის მუზეუმში შეუძლია, მანამ, სანამ Dakar-ის გასაღები მის ახალ მფლობელს არ გადაეცემა.
ცნობისთვის, სრული საწარმოო ხაზის განმავლობაში, Porsche-მ 911 Dakar-ის 2 500 ეგზემპლარი შექმნა. თითოეული მათგანი 3-ლიტრიანი, ექვს ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 437 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Hyundai loniq 9 - სამხრეთ კორეული ბრენდის ყველაზე დიდი SUV-ი
Hyundai loniq 9 - სამხრეთ კორეული ბრენდის მასიური, 3 - რიგიანი SUV-ი, ფუფუნების, მრავალფეროვნებისა და ურთიერთკავშირის ერთიანობაა. კომპანიის შეფასებით, ეს მოდელი „დღევანდელი, ჰიპერდაკავებული, თუმცა იზოლირებული მომხმარებლებისთვისაა" შექმნილი. ავტომობილის ფართო ინტერიერი მგზავრებისთვის 7 ადგილს უზრუნველყოფს. პირველი და მეორე რიგის დასასვენებელი სკამები რეგულირებადია და მასაჟის ფუნქციაც აქვს. 6-ადგილიან ვერსიას მბრუნავი სკამები აქვს, რაც მას ოჯახური მოგზაურობებისთვის იდეალურ მოდელად აქცევს.
ეს მოდელი 110,3 კვტ/სთ ბატარეით იკვებება, რომლის წყალობოთაც Ioniq 9 მრავალ კონფიგურაციას გვთავაზობს: პირველი - ერთძრავიანი RWD 385 მილამდე მანძილით, ან ორძრავიანი AWD ეფექტურობაზე ორიენტირებული მართვისთვის. ტექნოლოგიით სავსე, Ioniq 9-ს 12 დიუმიანი ორმაგი დისპლეი აქვს, რეგულირებადი ციფრული განახლებებით და მძღოლის დამხმარე სისტემებით.
გამორჩეული აეროდინამიკისა და თამაში სტილის მქონე Ioniq 9-ის დებიუტი აშშ-სა და კორეაში 2025 წლის დასაწყისში იგეგმება, შემდგომ უკვე ევროპაშიც. ფასები ამ ეტაპზე უცნობია.
Ford-ი ევროპაში 4 000 დასაქმებულს გაათავისუფლებს
Ford-მა, ევროპის მასშტაბით, კომპანიის სამუშაო ძალის 14%-ით შემცირება დააანონსა. ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვეტილების მიზეზად წარმოების გაზრდილი ხარჯები, ელექტრომობილებზე სუსტი მოთხოვნა და ბაზარზე მზარდი კონკურენცია დაასახელა. არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, Ford-ი მთავრობის მხრიდან, ელექტრომობილებზე გადასვლაზე მხარდაჭერის ნაკლებობასაც შეეხო.
Ford-მდე ბაზარზე ჩინური კომპანიების მზარდი კონკურენციიდან გამომდინარე, ხარჯების შემცირება რამდენიმე სხვა ამერიკულმა ავტომწარმოებელმაც დააანონსა, მათ შორის იყო Nissan, Stellantis და GM.
Ford-ი სამუშაო ძალის შემცირებას თავდაპირველად გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში დაიწყებს. გლობალურად, კომპანიის დასაქმებულთა შორის 174 000 პირი ირიცხება. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, კომპანია გლობალური სამუშაო ძალის 2.3%-ს ამცირებს.