2025 წლის 11 თვეში საქართველოში 7,308 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტია. იმპორტის მთლიანი ღირებულება კი 91.3 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 41%).
საქსტატის თანახმად, საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი წელს 15.5 ათას დოლარს შეადგენდა, რაც გასულ წელს იმპორტის საშუალო ფასზე, 17.5 ათასზე 12%-ით ნაკლებია. აღნიშნული კი გლობალურად მეორადი ელექტრომობილების ფასების კლებით არის განპირობებული.
სტატისტიკის თანახმად, საქართველომ ელექტრომობილები 2025 წლის 11 თვეში შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:
1) აშშ - 5,172 ავტომობილი, 75.5 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $14.6 ათასი;
2) ჩინეთი - 1,058 ავტომობილი, 23 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $21.7 ათასი;
3) გერმანია - 173 ავტომობილი, 14.3 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $82.6 ათასი;
4) იაპონია - 654 ავტომობილი, 4.1 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $6.3 ათასი;
5) ბელგია - 65 ავტომობილი, 2.8 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $42.5 ათასი.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს იმპორტის ფასი ყველაზე დაბალი იაპონიიდანაა და ის 6.3 ათას დოლარს შეადგენს, რაც უმეტესწილად იმპორტში მეორადი ავტომობილების მაღალი წილით არის განპირობებული. ასევე მაღალია მეორადი ავტომობილების წილი აშშ-დან იმპორტში. იმპორტის შედარებით მაღალი $82.6 ათასი დოლარის ფასი ფიქსირდება გერმანიიდან, რაც ახალი ავტომობილების რიცხვის სიდიდით არის განპირობებული. ასევე ჩინეთიდან საქართველო ძირითადად ახალ ელექტრომობილებს ყიდულობს.
რაც შეეხება საქართველოდან ელექტრომობილების რეექსპორტს, 2025 წლის 11 თვეში საქართველოდან 33.7 მილიონი დოლარის 1,399 ელექტრომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წლიურად 58%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე დიდი ღირებულების 10.4 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტრომობილები (366 ცალი) ყირგიზეთში, 10 მილიონი დოლარის ყაზახეთში (438 ცალი), სომხეთში კი 7 მილიონი დოლარის ღირებულების 244 ერთეული ელექტრომობილი.




























