ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო მომავალში მოიაზრებს მის მიერ გენერირებული ენერგიების ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე.
ასე უპასუხა დავითაშვილმა კითხვას, თუ რამდენად მზად ხვდება საქართველო ინფრასტრუქტურულად აზერბაიჯანის ენერგომატარებლების შესახებ ამბიციურ გეგმას.
„გეგმა ორმხრივია, ცალმხრივად აზერბაიჯანი ვერ მოახდენს თავისი ენერგიის ექსპორტს ევროკავშირში და ვერ განახორციელებს თავის გეგმებს. გვესმის, რომ ყველაზე საინტერესო ჩვენთვის, აზერბაიჯანის და სომხეთისთვის არის ევროკავშირის ბაზარი, რომელიც არის ყველაზე დიდი, მზარდი ბაზარი, სადაც მოთხოვნა განახლებად ენერგიებზე არის დიდი, რადგან ევროკავშირს გააჩნია თავისი გეგმები მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით და საქართველოდან განახლებადი ენერგიების მიწოდება არის პრიორიტეტი.
აქ საქართველო მოიაზრებს მის მიერ გენერირებული, წარმოებული ენერგიების ექსპორტს მომავალში ევროკავშირის ბაზარზე. ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ასოცირების კუთხით გვაქვს, ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა დამაკავშირებელი ენერგეტიკული კაბელი, რომელზეც მიმდინარეობს კვლევა. აქ რა თქმა უნდა, მოიაზრება პირველ რიგში საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი, თუმცა თავის მხრივ, პროექტი რეგიონული მნიშვნელობისაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ზოგადად, საუბარია განახლებადი ენერგიების ექსპორტზე აზერბაიჯანიდან, თუმცა ახლა აზერბაიჯანიც საწყის ეტაპზეა განახლებადი ენერგიების წარმოების კუთხით.
„თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ნახშირწყალბადების და ნავთობპროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობთ, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია. ერთობლივ პროექტებზე ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მთავრობასთან მჭიდროდ ვმუშაობთ“, - აღნიშნა მინისტრმა.




























