მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰესების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ტურიზმი არ უნდა დაზიანდეს" - რატომ აპროტესტებენ „კამარა ჰესის“ მშენებლობას?

შალვა კერესელიძე

„კამარა ჰესის” მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს. 27 ნოემბერი - დღე, როდესაც მოქალაქეები ჰესის მშენებელ კომპანია “კამარა ენერჯის” წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ არ შედგა. აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქმის კურსშია და ადგილობრივების დარწმუნების პასუხისმგებლობა ინვესტორს "გადააბარა". „პროექტი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა იქნება. ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მინისტრმა.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კერესელიძე ამბობს, რომ ადგილობრივების მხრიდან პროტესტის მიზეზი ჰესის სარგებლიანობის შესახებ დამაჯერებელი არგუმენტების არქონაა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განმარტა, ადგილობრივების დარწმუნება სახელმწიფოს და ინვესტორის მხრიდან ვერ მოხდა. „ჰესების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს პროექტი ინვესტორმაც და სახელმწიფომაც კეთილი უნდა ინებონ და მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ეს სასარგებლოა. დარწმუნება ვერავინ შეძლო, რადგან ამის უკან არ იყო არანაირი დამაჯერებელი არგუმენტები“, - განაცხადა მან.

შალვა კერესელიძე მიიჩნევს, რომ მთაში ენერგეტიკის განვითარებას თავისი პოტენციალი აქვს, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ეკოსისტემა არ დაზიანდეს და იქ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

“ისეთ ადგილებში, როგორიც არის ყაზბეგი, სვანეთი, გუდამაყარი, ხევსურეთი და ა.შ სადაც ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია, ისეთი ფორმის და სახის ჰიდროელექტროსადგურები უნდა მოეწყოს, როგორიც ტურიზმის განვითარებას ხელს არ შეუშლის, რაშიც მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობაა ჩაბმული. ასეთი ჰესები ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს, რომელსაც გააჩნია ტურიზმის, აგროტურიზმის, აკვაკულტურების გავრცელების პოტენციალი, რომელიც მცირე სიმძლავრისაა და ეკოლოგიურად სუფთაა ”, - განაცხადა მან.

"კამარა ჰესი“ 16,62 მგვტ-ის სიმძლავრის უნდა იყოს, რომლის აშენება მდინარე თერგზე იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შალვა კერესელიძემ განაცხადა, რომ "16 მეგავატი დიდი არ არის, მაგრამ მაღალმთიანი ხეობებისთვის არც მცირეა".

რაც შეეხება ინვესტორთან ურთიერთობის საკითხს, მან თქვა, რომ „კამარა ჰესთან" დაკავშირებით, ინვესტორთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, მაგრამ მაგალითად გუდამაყრის ხეობაში ჰესის მშენებლობის ამბავი მოიყვანა, როდესაც ადგილობრივების და ინვესტორის ინტერესები ერთმანეთს ვერ დაემთხვა.

„ინვესტორს ვუთხარით, რომ ისეთ ჰესი გაეკეთებინა, რომელიც დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა, ანუ ეკოლოგიურად სუფთა იქნებოდა და ტურიზმის, აგროტურიზმის, აკვაკულტურების გაშენების პოტენციალი ექნებოდა, მაგრამ უარი თქვა. ამ შემთხვევაში ჰესის მშენებლობა ცოტა მეტ ინვესტიციას მოითხოვდა და ინვესტორს შედარებით ნაკლები შემოსავალი უნდა ჰქონოდა, ამიტომ ეს პროექტი არ დაიძრა“, - თქვა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

შალვა კერესელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობაზე დარწმუნების მეთოდები არაკეთილსინდისიერი და არასწორია:"ზოგს მუნიციპალიტეტის მერიაში იბარებენ, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, ზოგს სოციალური დახმარების მოხსნით, რომ ჰესის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადონ".

“კამარა ჰესი” - პროექტის შესახებ:

“კამარა ჰესი” CFD აუქციონებში გამარჯვებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია, რომლის სიმძლავრე 16,62 მგვტ-ს; ხოლო ტარიფი - 6,85 აშშ ცენტს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „კამარა ენერჯი“, რომელიც ყაზბეგით 2021 წელსაც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ პროექტის მიმართ შენიშვნები ჰქონდა გარემოს დაცვის სამინისტროსაც, რომელმაც სწორედ იმ წელს სკოპინგის ანგარიშზე დასკვნა არ გასცა. [სკოპინგი – ეს არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს].

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობის პროექტს “კამარა ენერჯი” ახორციელებს, კომპანია 2014 წელს არის დაფუძნებული და მისი დირექტორი გიორგი ოდიშვილია. მისი 100%-იანი წილის მფლობელია “ჯორჯიან რენიუებლ ენერჯი”, რომელიც თავის მხრივ 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დირექტორია ლევან მატუა, ხოლო 50%-50%-იანი წილები კი სენტ ლუსიის და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებულ ოფშორულ კომპანიებს “გრინთრი ჰოლდინგს” და “კარლისტონ ვენჩერს” ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები