ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიაში უნივერსალური საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობას $70 მილიონი დასჭირდება, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კი მაისში გახდება ცნობილი. ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა.
“მშენებლობასთან დაკავშირებით იყო სკეპტიციზმი. იცით, რომ უცხოელი ინვესტორის შერჩევის პარალელურად, მიდიოდა პროცესი, რათა მშენებლობა დაგვეწყო. ამიტომ გამოცხადდა ტენდერი არა დაღრმავებაზე, არამედ სრულიად უნივერსალური საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც თავის თავში ყველაზე ძვირად ღირებულ ინტერვენციას, ტალღმტეხელის მოწყობას გულისხმობს, რომელიც მაღალი დონის კომპანიამ უნდა გააკეთოს.
ჩვენ წავედით მსოფლიო ბანკის შესყიდვების პრინციპით და შევარჩიეთ მსოფლიოს “დიდი ოთხეული”, რომელიც ყველაზე გამოცდილია საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმედი გვაქვს, ტენდერი აპრილის ბოლოს დასრულდება და მაისში უკვე გვეყოლება გამარჯვებული. ინტერვენციის მოწყობას კი $70 მილიონი და რამდენიმე წელი დასჭირდება”, - განაცხადა დავითაშვილმა.
საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ 18 მარტს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. დიდი ოთხეულის კომპანიებს: Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord - დაეგზავნათ.
დავითაშვილმა თავის გამოსვლაში კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს.
“საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანოების ჩართულობით, გასულ წელს დავიწყეთ ინტერესთა გამოხატვის ფაზა. 4 კომპანიიდან ორი კვალიფიციური ფინალისტი შეირჩა, რომლებიც წინადადების წარდგენის ფაზაზე გადავიდნენ, რისი დედლაინიც 20 მაისია.
ვმუშაობთ კონსულტანტებთან ერთად, რათა მივიღოთ ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი წინადადებები და შევარჩიოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად მოგვცემს პორტის განვითარების საშუალებას. ერთია, ანაკლიაში პორტი ავაშენოთ და სულ სხვაა, მივიღოთ ისეთი ინფრასტრუქტურა და ქმედითი ოპერაციები, რომლებიც არგებს ჩვენს ეკონომიკას და სატრანსპორტო სისტემას”, - აღნიშნავს დავითაშვილი.
ცნობისთვის, პარტნიორი კომპანიების დასკვნით ეტაპზე ფინალისტებად შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი შეირჩნენ. თითოეულ მათგანს წინადადების წარდგენის ბოლო ვადად თებერვლის თვე განესაზღვრათ, თუმცა, დავითაშვილის განმარტებით, ორივე კომპანიის ინიციატივით, წინადადებების მიღების “დედლაინი” 20 მაისამდე გახანგრძლივდა.